თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების რეკორდსმენმა მატჩების რაოდენობით (122 კეპი) დავით კაჭარავამ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ 35 წლის სპორტსმენმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
„დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ, ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!“ – დაწერა კაჭარავამ.
კაჭარავას უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც საქართველოს რაგბის კავშირი და თავისი პარტნიორები ეროვნულ ნაკრებში.
„მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში... მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია... რაგბიმ ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე დავუბრუნე! მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები“, – აღნიშნავს კაჭარავა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კაჭარავამ 122 მატჩი ჩატარა (79 გამარჯვება), აქედან 104 – სასტარტო შემადგენლობაში. მის ანგარიშზეა 25 გატანილი ლელო და „ბორჯღალოსნებისთვის“ მოტანილი 125 ქულა. საქართველოს ნაკრებთან ერთად კაჭარავამ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშა.
გახარია: ქართველი მორაგბეები რვა ერის ტურნირზე უნდა მოხვდნენ>>
რაც შეეხება კლუბებს, ქართველმა მორაგბემ „ყოჩებით“ დაიწყო (2003–2007), შემდეგ რუსულ „ენისეიში“ ერთი სეზონი გაატარა. შემდეგი ოთხი წელი საფრანგეთში თამაშობდა – ჯერ „ნიცაში“, შემდეგ „როდეზის“ შემადგენლობაში. კაჭარავა 2013 წელს „ენისეიში“ დაბრუნდა, რომელიც მისი ბოლო კლუბი გახდა.