თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა რვა ერის ექსპერიმენტულ ტურნირში ქართველი მორაგბეების მონაწილეობასთან დაკავშირებით ექვსი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
რვა ერის თასის ექსპერიმენტული ტურნირი 13 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და ექვსი ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს”, – აღნიშნა გახარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პანდემიამ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კრიზისი გამოიწვია – გარკვეული პრობლემები გაჩნდა რაგბიშიც.
გახარიამ აღნიშნა, რომ შესაბამისი ნაბიჯების მიღება და მათი გადაჭრა რაგბის კავშირისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მისი თქმით, დღეს ყველა პრობლემა მოგვარებულია და ყველა საჭირო პირობები არსებობს იმისთვის, რომ ქართულმა გუნდებმა გააგრძელონ მშვიდად ვარჯიში და აქტიურად მომზადება საქართველოს ჩემპიონატისა და სხვა ტურნირებისთვის.
„საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და „რაგბი ჩვენი თამაშია“. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ნაკრებმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა ტურნირში მონაწილეობის შესახებ.