თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები დიდი ალბათობით იაპონიის ნაკრებს ჩაანაცვლებს რვა ერის ექსპერიმენტულ ტურნირზე, იუწყება ВВС.
როგორც გამოცემა წერს, COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო იაპონიის ნაკრებისთვის პრობლემური იქნება ტურნირში მონაწილეობა, რომელიც ევროპაში გაიმართება. ასეთ შემთხვევაში ტურნირის ორგანიზატორებმა საქართველოს ნაკრებს უნდა მისცენ შანსი.
საქართველოს ნაკრებმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა ტურნირში მონაწილეობის შესახებ.
„ჩვენ ყოველთვის გვსურდა ეს შანსი გვქონოდა. ვხვდებით, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ პრობლემას გადავწყვეტთ. ვფიქრობ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ფინანსური თვალსაზრისით, რათა ტურნირში ჩვენი მონაწილეობა უზრუნველყოს. როგორც კი ჩვენ ოფიციალურ მიწვევას მივიღებთ, შევძლებთ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას", – განაცხადა საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გამოცემა The Telegraph-თან.
თუ იაპონიის ნაკრები ტურნირში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მაშინ საქართველო (თუ ჩვენი გუნდი ჩაანაცვლებს) საფრანგეთთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან ერთ ჯგუფში ითამაშებს. მეორე ჯგუფში იქნებიან ინგლისი, ირლანდია, უელსი და ფიჯი. ფიჯის საკითხი, ანალოგიური მიზეზით, ბოლომდე გარკვეული არაა.
„ვიცი, რომ იაპონელებს პრობლემები ჰქონდათ კორონავირუსის გამო დადგენილი რეგულაციების გამო და ფრენებთან დაკავშირებით. ეს პრობლემები ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოშია. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით, თუ ისინი შეძლებდნენ მონაწილეობის მიღებას ტურნირში. თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ, ჩვენ ალტერნატიული ვარიანტები გვაქვს. გვსურს იდეალურ ვარიანტში ტურნირში მონაწილეობა მიიღონ რვა ერის წარმომადგენლებმა", – განაცხადა ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა ბილ სუინმა.
რვა ერის თასის ექსპერიმენტული ტურნირი 13 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.