თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი რაგბიში ევროპის ერთა თასის დასკვნითი ტურის ფარგლებში თბილისში 1 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება Rugby Europe-მა მიიღო, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.
მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ხოლო ინფორმაცია სტადიონისა და შეხვედრის დაწყების საათის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეხვედრა თავდაპირველად 14 მარტს უნდა გამართულიყო თბილისში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ევროპის ერთა თასის გამარჯვებული ვადამდე გახდა – ზედიზედ მესამედ და მეთორმეტედ ისტორიის განმავლობაში.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები რაგბიში ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ. რუსეთმა ერთადერთხელ გაიმარჯვა ქართველ მორაგბეებთან, ერთხელ თამაში ფრედ დასრულდა, დანარჩენ შემთხვევებში კი შეხვედრები საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია 579:260.