თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „ბავშვის უფლებათა კოდექსი", რომელზეც ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მუშაობდა, 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.
პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი" 2019 წლის სექტემბერში მიიღო. მისი ამოქმედება 2020 წლის 1 ივნისს იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ამოქმედების ვადა შეიცვალა.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გუშინ გამართულ კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საკუთარი უფლებები აქვთ.
„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“, – განაცხადა კილაძემ.
ახალი კოდექსის ავტორების ამოცანაა ბავშვთა უფლებების დაცვის ერთიანი სტრატეგიისა და მათზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის შექმნა.
კოდექსის ფარგლებში 10 პროგრამა შეიქმნა:
ბავშვისა და ოჯახის დაცვის პროგრამა
პროგრამა მოიცავს კრიზისულ სიტუაციებში ოჯახების ფინანსურ დახმარებას, მშობლებისთვის დასაქმებისა და გადამზადების შესაძლებლობის შეთავაზებას შემდგომი დასაქმების მიზნით. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს შესაბამის სკოლებთან კოორდინაციის გზით ბავშვების დახმარებას გამოტოვებული სასწავლო პროგრამების ასანაზღაურებლად, ასევე ბავშვების ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამასა თუ ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებში.
მშობელთა კონსულტაციის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს კონსულტაციას მშობლებისთვის ორსულობის პერიოდსა და ბავშვის დაბადების პირველ წელს ოჯახური თანაცხოვრების, ბავშვის ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე. ასევე ფსიქოლოგის მომსახურებას კონფლიქტური სიტუაციების გადასაწყვეტი უნარების გასავითარებლად როგორც მეუღლეებს შორის, ისე ბავშვების მიმართ. პროგრამის ფარგლებში მშობლებს კონსულტაციას გაუწევენ ოჯახური ძალადობის საკითხებზე.
ძალადობისგან ბავშვების დაცვის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო და ფსიქოსოციალური კონსულტაციებისა და თერაპიის კურსებს, რომლებიც მიმართულია ძალადობის პრევენციისკენ, მოძალადეების ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლისკენ და ძალადობრივი ქცევის მიზეზების აღმოფხვრისკენ.
ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ პრევენციულ, საკონსულტაციო ღონისძიებებს, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას და იმუნიზაციას; მოიცავს სოციალური საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის ინსტრუმენტებს, ასევე მსხვერპლთა და დანაშაულის მოწმე ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს.
ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამა
ითვალისწინებს ბავშვების განათლების მხარდამჭერ ფორმალურ და არაფორმალურ კურსებსა და სემინარებს. პროგრამის მიზანია - მშობლიური ენისადმი და ეროვნული ტრადიციული და კულტურული ფასეულობებისადმი, ასევე სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციისადმი ბავშვის პატივისცემის გრძნობის გაღვივება. ბავშვის პიროვნების, ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, არაძალადობრივი კომუნიკაციის ჩვევების განვითარება.
სოციალური აქტივობის პროგრამა
ითვალისწინებს მიმართულებას, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტული და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას. ასევე საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებს, ბავშვების დასვენების, კულტურულ და მხატვრულ პროგრამებს.
ბავშვთა მოხალისეობის პროგრამა
ითვალისწინებს ბავშვის ნებაყოფლობით ჩართვას უსასყიდლო საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში. პროგრამის მიზანია - გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის ფორმირება, ასევე საზოგადოების წინაშე სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
დედათა და ბავშვთა თავშესაფარი
გულისხმობს ბენეფიციართა უზრუნველყოფას კვებით, ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით თავშესაფარში ყოფნის პერიოდში, ასევე დახმარებას პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში. აუცილებლობის შემთხვევაში - ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო დახმარებასა და ფსიქოლოგის მომსახურებას.
ოჯახის დახმარების დღის ცენტრი
პროგრამის თანახმად, დღის ცენტრში ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით. მათ დაეხმარებიან პირადი ჩვევების ჩამოყალიბებაში. ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებაში. აუცილებლობის შემთხვევაში კი მათ აღმოუჩენენ ამბულატორიულ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
სპორტული აქტივობის პროგრამა
პროგრამის მიზანია - ბავშვების ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით.