თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევა გამარტივდება - საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ტყვიის წყაროების შესასწავლად სწრაფი დეტექციის აპარატები გადასცა, იუწყება პირველი არხი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერას COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
როგორც აღინიშნა, დღეს გაფორმებული დოკუმენტი აღნიშნულ ორ ორგანიზაციას შორის დამყარებული გრძელვადიანი ახლო და პროდუქტიული პარტნიორობის გაგრძელებას წარმოადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა ცენტრს გადასცა სწრაფი დეტექციის აპარატები, რომლებიც ტყვიის წყაროების შესასწავლად იქნება გამოყენებული.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2018 წელს საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობაზე ორიდან შვიდ წლამდე ბავშვების გამოკვლევა დაიწყეს. ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. სულ გამოიკვლიეს 1,6 ათასი ბავშვი. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 25%-ში ტყვიის შემცველობა მცირედ მომატებულია, ხოლო 16%-ში მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.
სპეციალისტებმა სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში მცხოვრებ ბავშვებში დააფიქსირეს. აჭარის შემდეგ სისხლში ტყვიის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩინეს გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში მცხოვრებ ბავშვებში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო მაღალია სოფლებში მცხოვრებ ბავშვებში, ვიდრე ქალაქებში.
ექიმები მუშაობენ ბავშვებთან, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი დონე აქვთ, მათ ინდივიდუალურად მკურნალობენ. ბავშვების ორგანიზმში ტყვიის დონის გაზრდის მიზეზი შეიძლება იყოს ჰაერი, ნიადაგი, საღებავი, სათამაშოები, წყალი და ა.შ.
თუ ტყვია ადამიანის ორგანიზმშია, მისი გამოვლენა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.
ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია დადგენილი არ არის. ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, თუ ქვეყნის მოსახლეობაში შემცველობა ტოლია ან აღემატება 5-დან 10 მკგ/დეცილიტრზე, უნდა ჩატარდეს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია.
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის პირველი მასშტაბური გამოკვლევა ჩატარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად.