თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე განმეორებითი ანალიზის პირველი შედეგები პოზიტიური აღმოჩნდა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2018 წელს საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობაზე ორიდან შვიდ წლამდე ბავშვების გამოკვლევა დაიწყეს. ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. სულ გამოიკვლიეს 1,6 ათასი ბავშვი. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 25%-ში ტყვიის მცირე შემცველობაა, ხოლო 16%-ში მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.
„შედეგების მხრივ პოზიტიური ტრენდია. ვნახეთ, რომ ტყვიის შემცველობა დაკლებისკენ მიდის. რჩევა-დარიგებამ, თუ როგორ მოიქცნენ ოჯახის წევრები, როგორ დაალაგონ სახლი… ამ ახსნა განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, არა შემაშფოთებელი, არამედ საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც გასულ წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ ჩატარდა. მისი თქმით, სახელმწიფომ ამ საკითხზე მაშინათვე შეიმუშავა გარკვეული სტრატეგია.
„16 ოჯახი, სადაც ყველაზე მაღალი იყო ტყვიის შემცველობა, ყოველმხრივ შევისწავლეთ. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, პედიატრებმა, გარემოს სპეციალისტებმა, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა თექვსმეტივე ოჯახი შეისწავლეს. ასევე, ივლისში მოვიწვიეთ ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საიდან გაჩნდა ბავშვების სისხლში ტყვია? ჯანდაცვის სამინისტრო განმეორებით კვლევას ჩაატარებს >>
გამყრელიძის თქმით, მათ შეისწავლეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში. ამას გარდა, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ივლისში დაიწყო დიდი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში სპეციალისტები სწავლობენ ვითარებას იმ ოჯახებში, სადაც ცხოვრობს 650 ბავშვი, რათა დაბინძურების წყარო დადგინდეს.
„650 ბავშვის, ვისთანაც მომატებული იყო ტყვიის შემცველობა, ოჯახების შესწავლა ხდება სრულად. უკვე 35 პროცენტამდე შესწავლილია. ვისაც დახმარება სჭირდება, ეძლევა რკინის პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სპეციალისტებმა სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში მცხოვრებ ბავშვებში დააფიქსირეს. აჭარის შემდეგ, სისხლში ტყვიის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩინეს გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში მცხოვრებ ბავშვებში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო მაღალია სოფლებში მცხოვრებ ბავშვებში, ვიდრე ქალაქებში.
ბავშვების ანალიზები იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ექიმები მუშაობენ ბავშვებთან, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი დონე აქვთ, მათ ინდივიდუალურად მკურნალობენ. ბავშვების ორგანიზმში ტყვიის დონის გაზრდის მიზეზი შეიძლება იყოს ჰაერი, ნიადაგი, საღებავი, სათამაშოები, წყალი და ა.შ.
თუ ტყვია ადამიანის ორგანიზმშია, მისი გამოვლენა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.
ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია დადგენილი არ არის. ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, თუ ქვეყნის მოსახლეობაში შემცველობა ტოლია ან აღემატება 5-დან 10 მკგ/დეცილიტრზე, უნდა ჩატარდეს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია.
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის პირველი მასშტაბური გამოკვლევა ჩატარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად.