თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ახალი რეგულაციები დაწესდეს, იუწყება პირველი არხი.
საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. ცვლილებების ინიცირება 2018 წელს მოხდა, თუმცა ამ დრომდე, საქართველოს პარლამენტს ის არ დაუმტკიცებია.
კერძოდ, ახალი კანონპროექტით დამატებით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე. კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ არ გააჩნია
- ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ სამი თვეა;
- უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
- სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე.
საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე.
თუ ზემოაღნიშნული რომელიმე ქმედება ჩადენილია არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ ან ყალბი საბუთების გამოყენებით, ის გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – 5-დან 8 წლამდე. ხოლო თუ მითითებული ქმედება ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ეს გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – 7-დან 10 წლამდე.
2018 წელს მმართველმა გუნდმა ცვლილებების მომზადების მიზეზად ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული სიკეთეების შენარჩუნება დაასახელა.
ასეთი მკაცრი ზომების მიღების მიზეზია ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა. ამის გამო შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
კანონი ძალაში შევა მესამე მოსმენით მიღების, პრეზიდენტის ხელმოწერისა და საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.