თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში საქართველოს მთავრობა დაეხმარება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში.
„ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დახმარებით უზრუნველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, დაეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროცესში ჩართული არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა უწყებები. მათ კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საბჭოს საოპერაციო შტაბი უწევს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა, ისრაელიდან ჩამოვლენ სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR–ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.
ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაეშვა მთელ საქართველოში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე საქართველოს საელჩოების შენობებზე საზღვარგარეთ.
ტურისტებში მეტად პოპულარული სოფელი შატილისკენ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა მიდის. ბოლო დღეებში მთებში წვიმდა, რასაც შეიძლებოდა გადაადგილება გაერთულებინა.