თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეიჩნევა, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
გზა შეცდომებს არ პატიობს - შატილში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა>>
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი გიდი და ერთი უცხოელია. 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. მათი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად შეფასდა. ორ პაციენტს შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.
„ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ. ასევე გაჩნდა გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. მათ გადასარჩენად მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.