UNICEF: საქართველოს მთავრობის დახმარება ხელს უწყობს ბავშვებში სიღარიბის დაძლევას

გამოწერა
18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარებისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე 600,8 ათასი ბავშვია რეგისტრირებული - ეს 366 ათასი ოჯახია

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის ფულადი დახმარება საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად ეხმარება სიღარიბის დაძლევაში, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში, რომელიც საქართველოში არსებულ სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენას სწავლობდა. კვლევის ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს მთავრობის წარმომადგენლებმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF).

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერის მიზნით ბავშვებისთვის ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი გახარიამ მიიღო. თითოეულ ბავშვზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი.

მამა–შვილი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
თუ ვერ არეგისტრირებთ ბავშვს: ვის უნდა მიმართოთ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

კვლევის მიხედვით მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად ოჯახების შემოსავალი შემცირდება და სიღარიბის დონე გაიზრდება, თუმცა ფულადი დახმარების წყალობით შესაძლებელი ხდება სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპების შენელება.

„კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვებზე, რომლის დამანგრეველი მოქმედება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით. უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური უსაფრთხოების ძლიერი ქსელების არსებობა, რათა ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად არ აღმოჩნდნენ სიღარიბეში“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს არამარტო ადამიანების ჯანმრთელობაზე, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გათვლებით მოსალოდნელია, რომ მსოფლიოში 195 მილიონი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

კვლევაში ასევე შესწავლილია საქართველოს მთავრობის ფულადი დახმარების პროგრამების შესაძლო ეფექტი, რომელიც შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. ის მთლიანობაში მოიცავდა 12 სიმულაციას, მათ შორის იყო გაანალიზებული ყოველთვიური ფულადი დახმარების სცენარი უმუშევრად დარჩენილ პირთათვის, ასევე ყველა ბავშვისთვის.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
მშობლების საყურადღებოდ! როგორ მივიღოთ ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200-ლარიანი დახმარება

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მაქსიმალურად შემსუბუქება იმისთვის, რომ არ მოხდეს ბოლო წლებში სიღარიბის შემცირების ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკის გაუარესება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შევუმსუბუქოთ მათ ეს დროებითი გასაჭირი“, - განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა.

UNICEF-ის კვლევაში ნათქვამია, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საყოველთაო ფულადი დახმარება არის ბავშვებსა და მოსახლეობაში სიღარიბის დაძლევის ყველაზე ეფექტური მოდელი. ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოყენებულია სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარების სცენარის 24 ჰიპოთეტური მოდელი. სიღარიბის მაჩვენებლების გაანგარიშების შედეგად გაირკვა, რომ ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში ამ ფულადი დახმარებით შესაძლებელი იქნება ბავშვთა სიღარიბის საბაზო მაჩვენებელთან დაბრუნება, ხოლო მსუბუქი ან საშუალო შოკის სცენარის შემთხვევაში სიღარიბის დონე შემცირება, თუმცა საბაზო მაჩვენებლებთან შედარებით მაღალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარებისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე 600,8 ათასი ბავშვია რეგისტრირებული - ეს 366 ათასი ოჯახია.

რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე 1 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. ფულადი დახმარების გაცემა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.

თუ ფიზიკური პირი ვერ რეგისტრირდება ელექტრონულ პორტალზე, მან უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან ადგილობრივ თვითმმართველობას. ასევე ადამიანებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრებს და Liberty Bank-ის ფილიალებს.

რეგისტრაციისთვის შესაბამისი ინსტრუქციები ხელმისაწვდომია ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0