გამყრელიძე: საქართველოში ეპიდემიური კუთხით ოთხი ცხელი წერტილი რჩება

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში ეპიდემიური კუთხით ოთხი საყურადღებო წერტილი რჩება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძის თქმით, ეს წერტილებია მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, ასევე ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.

ბლოკპოსტი ლენჯერთან - Sputnik საქართველო
21 აგვისტოდან მესტიაში ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა ლენჯერისა და დაბა მესტიისა

„ამ ეტაპზე ქვეყანაში საყურადღებო რჩება ოთხი წერტილი. პირველი მესტია, სადაც სერიოზული სამუშაოები ტარდება. მოგეხსენებათ, ლენჯერამდე და მესტიის ზემოთ სოფლების გახსნასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილზე გამოკვლეულია 3509 ადამიანი, ასევე გამოკვლეულია 1246 ის პირი, რომლებსაც მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აქედან კორონავირუსზე 49 დადებითი შემთხვევაა – 29 თავად მესტიის მუნიციპალიტეტში, ხოლო 20 – კონტაქტების კვლევისას.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ამ დროისთვის ინფიცირების სულ რამდენი წყაროა დაუდგენელი

„მეორე ცხელი წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 შემთხვევა გვაქვს. არ მომატებულა. საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთთან დაკავშირებით, კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, აქედან ორი უშუალოდ თანამშრომელია. სულ არის ხუთი ინფიცირებული. კლუბი ამ მომენტისთვის დაკეტილია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გარდაბან-ყარაჯალარს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საკარანტინო ღონისძიებების მოხსნის მიუხედავად, ის კვლავ საყურადღებო ადგილად რჩება და გრძელდება ტესტირება.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1098. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის ნიადაგზე გართულებების შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0