თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი 21 აგვისტოდან გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში ერთბაშად კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ბევრი ეფექტური ღონისძიება გატარდა, რითიც ეპიდემიის შეჩერება მოხერხდა.
„როგორც მოგეხსენებათ, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები და დღემდე ბევრი ეფექტური ღონისძიება განხორციელდა, რაც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის შეჩერებაში“, – განაცხადა მან.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ეს ტერიტორია ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.
მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.
ყაზბეგში კორონავირუსის კერა აღმოაჩინეს>>
რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ მოწყობილი კვების ობიექტები.
მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.