თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამ შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ
რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, ერთი სვანეთის სოფელ ლენჯერის „კლასტერს“ განეკუთვნება, ოთხი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ორი – შემოტანილი, სამის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
„3 აგვისტოდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 182-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულების რიცხვი გახლავთ 139“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ საქართველოში ინფიცირების წყაროს დადგენა სულ ათ შემთხვევაში ვერ მოხერხდა.
COVID–ცენტრებში ამ დროისთვის მკურნალობს 246 პაციენტი. აქედან 22-ის მდგომარეობა მძიმეა, ხუთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, აქ 38 პაციენტი მკურნალობს. აქედან ხუთი ახალი პაციენტია. ამ ხუთიდან ერთი „იმპორტირებული“ შემთხვევაა, დანარჩენი ოთხი კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. კლინიკაში ორი მძიმე პაციენტი წევს. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>
ინფიცირიებულთა საერთო რაოდენობა, 19 აგვისტოს მდგომარეობით, 1361 ადამიანია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1098 და გარდაიცვალა 17 ადამიანი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.