ჟვანია: საქართველო დაინტერესებულია, არჩევნებს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს

© SPUTNIK / DENIS ASLANOVარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტისთვის სპეციალური პროტოკოლი შემუშავდება

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთავარი მიზანი - არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის დასწრებაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განუცხადა.

წინასაარჩევნო საქმეები: პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ააქტიურებენ >>

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტისთვის შესაბამისი პროტოკოლი შემუშავდება. ახლა კი ცესკო აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან.

„ეს არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, გამჭვირვალობის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, მიუკერძოებელი და პროფესიული შეფასებების თვალსაზრისით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დამკვირვებლების ხელშეწყობა იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ამისთვის მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ უწყებასთან, რომ ისეთი პროტოკოლი იქნეს შემუშავებული, რომელიც როგორც ეუთოს მისიას, ასევე IRI-ის, NDI-ის სადამკვირვებლო მისიებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაქსიმალურად მისცემს შესაძლებლობებს, აწარმოონ სრულყოფილი დაკვირვება არჩევნებზე“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებული პარტიების რაოდენობა იზრდება

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა ასევე, რომ პასუხისმგებლობა არჩევნების ჩატარებაზე მხოლოდ ერთ რომელიმე მხარეს არ ეკისრება, რადგან თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ყოველ პოლიტიკურ მოთამაშეს.

„68 პოლიტიკურმა პარტიამ მოგვმართა და რაც მთავარია, შესაძლებლობები პოლიტიკური წარმომადგენლობის, ცხადია, არის გაცილებით უკეთესი, რაც ზუსტადაც განსაზღვრავს მათ მაღალ მოტივაციას არჩევნებში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა ჟვანიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ემზადება გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოს რეკომენდაციები, რომელზეც გვაქვს შესაბამისი პასუხი. ცენტრალური საარჩევნო კომისია, პირველ რიგში, მიიჩნევს, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და მათი მხარდაჭერით განხორციელდა, ნამდვილად პოზიტიურია. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ნებისმიერ საკითხს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას და მეორე მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობა, პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა, კანონის პატივისცემა და იმ გზის გავლა, რაც არჩევნებს სამართლიანობის და თავისუფლად ჩატარების გარანტიებს მისცემს“, – განაცხადა ჟვანიამ.

ცნობილი ქართველი უფლებადამცველი პოლიტიკაში მიდის >>

რაც შეეხება არჩევნების ჩატარებას პანდემიის პირობებში, თამარ ჟვანიას თქმით, უახლოეს მომავალში შემუშავდება კონკრეტული ინსტრუქციები პოლიტიკურ სპექტრთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0