თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრასა და კანდიდატების წარდგენას განაგრძობენ. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ნათელი პოლიტიკური მოვლენით აღინიშნა.
დღეს ერთბაშად ოთხმა პარტიამ გადაწყვიტა, ამომრჩევლებისთვის თავი შეეხსენებინა და ტელევიზორის ეკრანებზე მოხვედრილიყო.
ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიება ქალაქ გურჯაანში, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„ჩემთვის დიდი პატივია, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებს და ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში“, - განაცხადა სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მართალია, დაპირებებით არც კანდიდატსა და არც პარტიის პირველ პირებს მოსახლეობა არ გაუნებივრებიათ, მაგრამ სამაგიეროდ აღიარეს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
ვიდრე მმართველი პარტია რეგიონებს იპყრობდა, მისმა კონკურენტებმა გადაწყვიტეს, თბილისში გამოეჩინათ თავი. ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, თავისი წინასაარჩევნო ოფისი გახსნა.
გახსნა მოკრძალებული იყო. მას მხოლოდ პარტიის წევრები ესწრებოდნენ. თუმცა ნათელაშვილი სხვა პარტიებიდან მხარდამჭერების ნაკლებობას არ გაუნაწყენებია. მან განაცხადა, რომ დღეიდან შეუდგებოდა გზას გამარჯვებისკენ.
„ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ოფისი ნაძალადევში, იმ ნაძალადევში, რომელიც ქვეყანაში ცნობილია თავისი ვაჟკაცობითა და რევოლუციური განწყობით. ჩვენ ერთობლივი ბრძოლით გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდან და შევუდგებით გზას გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
პარალელურად, ოპოზიციური ფრთის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მასზე, როგორც ჩუღურეთის ოლქის კანდიდატზე, ზეწოლა ხორციელდება.
„გუშინ აღმაშენებლისა და წერეთლის გამზირებზე კამპანიას ვატარებდით, როდესაც თავს დაგვესხა ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეურაცხყოფით, ძალადობითა და დაშინებით გვიშლიდა ხელს“, - აღნიშნა დოლიძემ.
მოულოდნელი განცხადებით გამოვიდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“. მის სიაში გამოჩნდება ადამიანი, რომელმაც თავის დროზე თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ქვეყნის ყველაზე ორიგინალური პარტია „გირჩი“ - გიორგი მელაძე. იგი უხელმძღვანელებს საბურთალოს საარჩევნო შტაბს.
დანარჩენმა პარტიებმა პარასკევს გადაწყვიტეს რუტინული შეხვედრების გაგრძელება ამომრჩევლებთან თბილისსა და რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ხომ ორთვე-ნახევარი რჩება, კონკურენცია კი დიდი იქნება - 40-ზე მეტი პარტია პარლამენტში 150 ადგილზე.