თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ერთმანდატიან ოლქებში საკუთარი კანდიდატები წარმოადგინა.
ეს პარტია ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის ბოლოს შექმნეს და ის ახლა წარმოადგენს სამი ძალის გაერთიანებას: თავად „ლელო“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.
მიუხედავად ოპოზიციური შეხედულებებისა, „ლელო საქართველოსთვის“ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ მონაწილეობს. მან საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა გადაწყვიტა.
„ლელოს” პირველივე დღიდან ჰქონდა გაცხადებული, რომ შევდივართ ბრძოლაში დამოუკიდებლად, არჩევნებში შევდივართ დამოუკიდებლად. არასდროს არ მიგვიღია მონაწილეობა ადგილების განაწილებაში და, შესაბამისად, დავაყენეთ ყველა ოლქში. არ ვყოფილვართ მოლაპარაკების მხარე და დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ხაზარაძემ.
პარტიამ თავისი კანდიდატები წარმოადგინა როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, სადაც ოპოზიციის უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა.
პარტიის კანდიდატების სიაში უმრავლესობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ნაცნობებიც გვხვდებიან. მაგალითად, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობერიძე, იურისტები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკოსი ლევან სამუშია.
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატები თბილისში:
- საბურთალო – ბადრი ჯაფარიძე
- გლდანი – გიგლა მიქაუტაძე
- სამგორი – ფიქრია ჩიხრაძე
- ვაკე – ლევან კობერიძე
- მთაწმინდა-კრწანისი – საბა ბუაძე
- დიდუბე-ჩუღურეთი – ლევან სამუშია
- ნაძალადევი – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
- ისანი – ლანა გალდავა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა და შემოსავლების მიხედვით მილიონერი პარტიების სამეულში შედის. მას მხოლოდ „ქართული ოცნება“ უსწრებს. ნახევარ წელიწადში პარტიის შემოსავლებმა უკვე გადააჭარბა მილიონ ლარს.