თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ინფიცირებულებთან კონტაქტია და ძირითადად ყაზბეგს უკავშირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით დეპარტამენტის 11 თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან შვიდი „ყაზბეგის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელი აღმოჩნდა.
„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 1 306 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. ექვსი არის ე.წ. ლენჯერის კლასტერი, 11 არის კონტაქტი ინფიცირებულებთან და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე ორი არის „იმპორტირებული“ შემთხვევა და ორი მძღოლი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია.
„დღევანდელი მონაცემებით, 2800-მდე ნიმუშია აღებული მესტიაში და დაახლოებით 350 – ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნო საფრთხე და მიმართა მედიკოსებს. 600-მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და დაეწყება სიმპტომები, აუცილებლად მიმართოს შესაბამის სამსახურებს, დარეკოს „112“-ზე და ჩაიტაროს კვლევა. ასევე ადამიანებს თუ არა აქვთ სიმპტომები, მაგრამ აინტერესებთ, აქვთ თუ არა ვირუსი, შეუძლიათ მივიდნენ და ჩაიტარონ PCR–კვლევა.
მისი თქმით, დადასტურებული შემთხვევები პანიკის საფუძველს არ ქმნის, თუმცა ისევ საჭიროა დიდი თავშეყრისგან თავის შეკავება, მაგალითად, ქორწილებისგან, ქელეხებისგან და ა.შ.
„ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ინფექცია თანდათან მსუბუქდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
იმნაძე: თუ ასეთი რამდენიმე ლოკაცია გაჩნდება, დაავადებას ვეღარ შევაკავებთ>>
რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.