თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ძირითადი არის ერთი რამ: თუ დავიცავთ ადამიანები ელემენტარულ წესებს – ნიღაბი გვექნება, დისტანციას დავიცავთ, ხელებს დავიბანთ, მაშინ ვირუსი იქნება, მაგრამ შემაწუხებლად ბევრი და დიდი – არა. თუ არ დავიცავთ ამ წესებს, მაშინ გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში, მეზობელ ქვეყნებში. აქაც იგივე მოხდება, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცოდნა დაგროვდა, კორონავირუსი ჯერ კიდევ ისეთივე ამოუხსნელი და იდუმალი რჩება, როგორიც თავდაპირველად იყო, მაგალითად, როგორ რჩება იმუნიტეტი, რა მექანიზმები მუშაობს, ანტისხეულები რამდენ ხანს რჩება და ა.შ.
„მაგრამ იმასთან შედარებით, რაც პირველ თვეში ვიცოდით, გაცილებით მეტია ცნობილი ვირუსზე. აქედან გამომდინარე, მეორე და მეცხრე ტალღა ჯერ ადრეა. ვნახოთ, რა იქნება... საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში პირველი ტალღაც პრაქტიკულად არ ყოფილა, რასაც მართლა მაღალი ავადობა ჰქვია, ისე გადავიტანეთ ეს პერიოდი“, – აღნიშნა იმნაძემ.
მან აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით ნაკლები ყურადღება დაეთმობა თითოეულს.
„რატომ იღუპებოდა პანტაპუნტით ხალხი იტალიაში, საფრანგეთში – რა, ცუდი ექიმები ჰყავთ ან ცუდი სამედიცინო სისტემაა? არა, უბრალოდ, როცა ამდენი ავადმყოფია, შესაბამისად, ვეღარ ახერხებენ ყველასთვის სათანადო დახმარების აღმოჩენას“, – განაცხადა იმნაძემ.
მუტაციაგანცდილი ვირუსი გაცილებით საშიშია: რა საფრთხე გველოდება>>
მისი თქმით, ჩვენთან 1283 ადამიანია (13 აგვისტოს მონაცემებით) ინფიცირებული და 17 – გარდაცვლილი. როგორც მეზობელ ქვეყნებშია, მაგალითად, 50 ათასი რომ გახდეს, რა თქმა უნდა, გარდაცვლილთა რაოდენობაც მოიმატებს.
„აი, ეს არ გვინდა, რომ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ არის უმარტივესი წესი – ნიღაბი, დისტანცია, და 500-კაციანი ქორწილები და ქელეხები არ არის საჭირო“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში ბოლო დროს ყოველდღიურად იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. რამდენიმე დღის წინ ერთ დღეში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გაჩნდა ინფიცირების ახალი კერა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც საკარანტინო ზომების დაწესება გახდა საჭირო.
ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები სისტემატურად მოუწოდებენ მოსახლეობას, დაიცვან მარტივი წესები – ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები. ეს არის ის ძირითადი, რაც კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელებას აფერხებს.