პაატა იმნაძე: 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან – ეს ძალიან ბევრია

გამოწერა
ეპიდემიოლოგები მესტიასა და ყაზბეგში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსახლეობას ტესტირებას უტარებენ.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ამჟამად სოფელ ლენჯერის წყაროსთან დადასტურებული კონტაქტის 30 შემთხვევაა გამოვლენილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე–ღამეში>>

„აქედან ხუთი შემთხვევა დადასტურდა თბილისში. დანარჩენი შემთხვევები დადასტურებულია სვანეთში. გუშინ 400-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. 600-მდე ტესტი უკვე ქუთაისშია გაგზავნილი და დაწყებულია ანალიზები, ასევე 400-ზე მეტი ტესტი გაგზავნილია ზუგდიდში. ჯამში გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დღეს კიდევ გაფართოვდება კვლევის არეალი.

„30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან, ეს ძალიან ბევრია. ამიტომ ის ღონისძიებები, რაც გატარდა სვანეთში, აუცილებელი იყო“, – აღნიშნა იმნაძემ.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

ბლოკპოსტი ლენჯერში - Sputnik საქართველო
ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 ათასამდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება

პაატა იმნაძის ცნობით, ეპიდემიოლოგების კიდევ ერთი ჯგუფი იმყოფება ყაზბეგში, სადაც ასევე დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.

„ჩვენი ერთი ჯგუფი უკვე წასულია ყაზბეგის რაიონში. იქ ინფიცირებული არიან ჩვენი მესაზღვრეები, საპატრულო პოლიცია, მათგან სამი არის ადგილობრივი, რომლებიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თითო-თითო სოფელში არიან. საბედნიეროდ, მათ ბევრი კონტაქტი არ აქვთ თავიანთ ოჯახებში, ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა კვლევისთვის აღებული ნაცხები“, – განაცხადა იმნაძე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 14-ით გაიზარდა და 1278-ს მიაღწია.

ყაზბეგში კორონავირუსის კერა აღმოაჩინეს>>

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0