რუსეთი კი ამზადებს მეხუთე თაობის გამანადგურებლების მკვლელს ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც ამოცანების Су-57-თან ერთად შესრულების უნარი ექნება.
დასავლელ „პარტნიორებს“ იმდენად აფრთხობს რუსეთის წარმატება მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროში, რომ მთავარ თემებს ავტორიტეტულმა საფინანსო-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მაც კი გადაუხვია და 7 აგვისტოს გამოცემაში სტატია დაუთმო რუსული მძიმე უპილოტო S-70 Okhotnik-ის (Hunter, „მონადირე“) შედარებას აშშ-ის ანალოგიურ უპილოტო საფრენ აპარატებთან.
ამერიკული გამოცემა აღნიშნავს: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების MQ-9 Reaper-სგან განსხვავებით, რუსული მზვერავი-დამრტყმელი დრონი გამოიყენება არა მეამბოხეებთან საბრძოლველად, არამედ სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტებისთვის.
მას შეუძლია დასაზვერი მოწყობილობებისა და 6 ტონა ბომბების ან რაკეტების („მიწა-ჰაერი“ და „ჰაერი-ჰაერი“) 5000 კილომეტრ მანძილზე ზიდვა. „მონადირე“ ფლობს უპრეცედენტო შესაძლებლობებს შეიარაღების მრავალფეროვნებისა და სიშორის თვალსაზრისით. გარეგნულად ჰგავს X-47B Northrop Grumman პროექტს, მაგრამ სხვა გზით მიდის. ცნობილია, რომ იგეგმება რთულად შესამჩნევი დამრტყმელი უპილოტო „მონადირის“ შექმნის მნიშვნელოვნად დაჩქარება. სერიული წარმოება 2024 წელს დაიწყება.
აშშ-ში ანალოგიური პროექტი ფერხდება. პირველი ფრენა ამერიკულმა მძიმე უპილოტო X-47B-მ 2011 წელს შეასრულა. პენტაგონმა სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის პერსპექტიული უპილოტო თვითმფრინავის ადაპტაციის პროგრამა – UCLASS – 2013 წელს აამოქმედა. მიზანი – 2020 წლისთვის მანქანის ოპერატიული მზადყოფნის მიღწევა იყო (ოთხმა მონაწილე კომპანიამ 15-15 მლნ დოლარი მიიღო). ჯერ კიდევ 2015 წელს სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალისტებს გემბანის დამრტყმელი დრონის საჭიროებაში ეჭვი ეპარებოდათ. შემდეგ კი საქმე უკან-უკან წავიდა. UCLASS პროგრამის ფარგლებში უპილოტო თვითმფრინავის სტატუსი თანდათანობით ეცემოდა დამრტყმელიდან მზვერავამდე და უბრალო მფრინავ აპარატამდე, რომელიც თვითმფრინავის საწვავით შევსების ფუნქციით შემოიფარგლება.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები დღეს სიფრთხილით ცდიან სხვა, შედარებით მცირე ზომის დამრტყმელ აპარატს XQ-28 Valkyrie, რომელსაც სულ რაღაც 450 კგ სასარგებლო ტვირთის (ერთ-ორი ბომბი ან რაკეტა) ზიდვა შეუძლია და არ ფლობს „სტელსის“ მახასიათებლებს.
Forbes იძულებულია განაცხადოს: უპილოტო აპარატების შექმნის უფრო ადრეული სტარტის მიუხედავად, „ფინიშთან აშშ-ს შეიძლება რუსეთმა მიასწროს“. მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროში ეს უკვე ტენდენციაა.
საბრძოლო ინტელექტი
ამერიკულმა გამოცემა The Drive-მა ასევე მიუძღვნა პუბლიკაციების მთელი სერია რუსულ მძიმე უპილოტო საფრენ აპარატს: „მონადირე“ ჰგავს გამანადგურებელს და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება – დაახლოებით 38 ფუტი სიგრძეში და 62-ფუტიანი ფრთის გაშლილობით (შესაბამისად, 11 და 19 მეტრი). ზომები მას იარაღის კორპუსში მოთავსების, კონსტრუქცია კი ზებგერითი სიჩქარით ფრენის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, მას უახლეს Су-57 გამანადგურებელთან ერთად მოქმედებაც შეუძლია.
ინტერესი კანონზომიერია. ძალიან ცოტა ქვეყანას თუ შეუძლია მძიმე მზვერავი-დამრტყმელი უპილოტო უხილავი აპარატების შექმნა. დამრტყმელი უპილოტოების მეხუთე თაობის გამანადგურებლებთან ინტეგრირების ტექნოლოგია კი ჯერ არავის აუთვისებია. როგორც ჩანს, რუსეთი პირველი იქნება.
„მონადირის“ ზუსტი მახასიათებლები, საბრძოლო დანიშნულება, აღჭურვილობა და შეიარაღება კიდევ დიდხანს დარჩება საიდუმლოდ. ცნობილია, რომ უპილოტო შესრულებულია სქემით „მფრინავი ფრთა“, კომპოზიტური მასალების გამოყენებით, რაც მოწინააღმდეგის რადიოლოკაციურ სადგურებზე აპარატის ხილვადობას ამცირებს.
აღჭურვილია წევის მართული ვექტორის მქონე რეაქტიული ძრავით, ავითარებს საათში დაახლოებით 1000 კმ სიჩქარეს. შეუძლია 5-6 ტონა საბრძოლო ტვირთის ზიდვა. ასაფრენი მასა 20 ტონას აღწევს. საცდელი ფრენები მეორე წელია გრძელდება.
გარდა ამისა, „მონადირე“ და მისი „უმცროსი ძმები“ ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვებიან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მძიმე გამანადგურებლებთან – Су-57-თან ერთად მოქმედებისას „ჭკვიანი“ „მონადირის“ საბრძოლო შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზრდება. Су-57-ს ხომ შეუძლია საჰაერო და სახმელეთო სამიზნეების აღმოჩენა 400 კმ-ის მანძილზე და დამრტყმელი უპილოტო აპარატებისთვის სამიზნეების შესახებ მითითებების გაგზავნა. მეხუთე თაობის ამერიკულ გამანადგურებლებთან შედარებით Су-57-ის აშკარა უპირატესობის გათვალისწინებით, „მონადირის“ ტიპის საბრძოლო რობოტებისა და მფრინავის ეფექტური ერთობლივი მოქმედების უსაზღვრო შესაძლებლობები იხსნება.
მძიმე მზვერავ-დამრტყმელ უპილოტო აპარატს შეუძლია რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალებში იმსახუროს. ამასთან, პერსპექტიულ ავიამზიდ ხომალდებზე „მონადირესა“ და მოდიფიცირებულ Су-57-ს საბრძოლო ამოცანების ერთად შესრულების უნარი შესწევთ. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსულ მძიმე უპილოტო აპარატს ცაში ბევრი საბრძოლო სამუშაო გამოუჩნდება და ეს „ფუჭი სიტყვები“ არ არის.
დაფრინავენ პირველ გასროლამდე
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 7 აგვისტოს განაცხადეს, რომ ნევადის შტატში დასრულდა სამდღიანი სწავლება, რომელშიც მონაწილეობდნენ: სტელსის ტიპის გამანადგურებლები F-22 Raptors და F-35A Joint Strike Fighter, უხილავი ბომბდამშენი B-2A Spirit, სტელს-დრონი RQ-170 Sentinel (საიდუმლო 44-ე მზვერავი ესკადრილიიდან), ასევე „ხილული“ გამანადგურებლები F-15E Strike Eagle და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი EA-18G Growler ВМС. 1,4 მლნ დოლარად ღირებული ეს ღონისძიება გამოიყურება, როგორც სერიოზული მზადება აგრესიისთვის მაღალტექნოლოგიური მტრის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში არ ჰყავს.
მანევრირებისას თვითმფრინავები ამუშავებდნენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში ფარული შეღწევის ოპერაციას, პირობითი მტრის თავდაცვითი საშუალებებისა და სისტემების რადიოლოკაციურ ჩახშობასა და განადგურებას. რისთვის ემზადებოდნენ, ამის გამოცნობა რთული არ არის. გასული წლის სექტემბერში ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა ჯეფრი ჰარიგანმა განაცხადა, რომ პენტაგონს გააჩნია კალინინგრადის ოლქის მრავალშრიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გარღვევის გეგმა, ოქტომბერში კი პოლონეთისა და აშშ-ის მხრიდან კალინინგრადის ოლქში შეჭრის გეგმა გამოქვეყნდა.
პენტაგონი სულ უფრო აქტიურად ცდილობს „შეაკავოს“ რუსეთი მისივე საზღვრებთან. ბალტიისა და შავი ზღვების საჰაერო სივრცეში ამერიკელ მზვერავებს სახიფათო დავალებებზე გზავნიან. ეს არის დაუფარავი და უპასუხისმგებლო პროვოკაციები, რომლებიც მიზნად ისახავს კონცეპტუალური კონფლიქტის ტრანსფორმაციას შეიარაღებულ კონფლიქტში.
ამასთან, 2020 წელს რუსეთის საზღვრების მახლობლად აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავების გახშირებული გამოჭერა ტრაგიკული შედეგებით სრულდება. ამერიკული ჟურნალ The National Interest-ის ექსპერტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა ვაშინგტონს ეკისრება, ვინაიდან ნატოს სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ რუსეთის საზღვრებთან და არა პირიქით. რუსეთი იძულებულია რეაგირება მოახდინოს – გაზარდოს თავდაცვითი და დამრტყმელი საშუალებები ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ჰორიზონტზე მძიმე უპილოტო „მონადირის“ გამოჩენა კი კანონოზომიერი და დროული ნაბიჯია.
Global Firepower-ის მონაცემებით, აშშ-ს დაახლოებით 2000 დამრტყმელი თვითმფრინავი ჰყავს. სულ პენტაგონის საფრენი აპარატების რაოდენობა 5000-ს აღწევს. ამაში არ შედის ნატოში მისი მოკავშირეების საბრძოლო ავიაცია. შესადარებლად: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაშია 870 გამანადგურებელი, ბომბდამშენი და მოიერიშე, სულ 4000 საფრენი აპარატი. მექსიკისა და კუბის ტერიტორიებიდან ვაშინგტონის ჰიპოთეტური „შეკავებისთვის“ რუსული თვითმფრინავები ალბათ საკმარისი არ არის, მაგრამ ეს არც არის მოსკოვის მიზანი.
ევრაზიის კონტინენტზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები მხოლოდ თავდაცვაზე ზრუნავენ და გამანადგურებელი (დამრტყმელი) ავიაციის შესაძლებლობები არსებითად ავსებენ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებსა და სისტემებს, რომლებიც რუსეთის საზღვრების პერიმეტრზეა განთავსებული. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გარღვევის გეგმები და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების „უხილავი“ აპარატების შესაბამისი წვრთნები ნევადაში ტაქტიკურად უსარგებლოა და სახიფათო „რეალობიდან ამოვარდნილი“ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის.
უპილოტო „მონადირე“ – არის გარღვევა მომავალში და ცაში ბატონობის მისაღწევად ასობით პერსპექტიულ რუსულ ინსტრუმენტთაგან მხოლოდ ერთ-ერთი.
რუსეთის მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი შესაძლებლობები პასუხობს მზარდ საფრთხეებს, შეესაბამება დასავლელი „პარტნიორების“ ყველაზე ცუდ მოლოდინს, პრაქტიკულად უთანაბრდება პენტაგონისა და ნატოს რაოდენობრივ უპირატესობას შეიარაღებული ძალებისა და ჩვეულებრივი შეიარაღების ცალკეული კომპონენტებით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს