თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ყველაზე არაორდინარული პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“>>
როგორც ჯაფარიძემ დაწერა, პარტია „გირჩი“ რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციას ერთობლივი კანდიდატების შერჩევის პროცესიდან გამოეყო.
„ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით – გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო, რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოლქის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში“, – დაწერა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, სანამ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან კონსულტაცია გაიარა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან და მათ ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასეს.
ჯაფარიძეს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის იმედი აქვს.
ზურაბ ჯაფარიძე: როგორც ნაცრისფერ მასას, ისე ვუყურებ პოლიტიკურ პარტიებს>>
ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტი დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იქნება.
„საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედიაპლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“, – დაწერა ჯაფარიძემ.
დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილი ივლისის ბოლოს მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემაც გამოთქვა.
ეს დოლიძისთვის არჩევნებზე კანდიდატის სახით ბრძოლის პირველი გამოცდილებაა. ის დიდი ხანი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში, შემდეგ იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ხოლო 2018 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. ეს პოსტი ეკავა მას მიმდინარე წლის ივნისამდე – ამ დროს განაცხადა თავისი პოლიტიკური ამბიციებისა და პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ.
პარტია „გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა ზურაბ ჯაფარიძეს წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო.
ანა დოლიძე: თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი...>>
„გირჩი“ პოლიტიკურ სარბიელზე 2015 წელს გამოჩნდა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა შექმნეს.
პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელითა და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში „გირჩმა“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.