თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. არასრულწლოვანი მოზარდებისთვის 200 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების მისაღებად მშობლები რეგისტრაციას 15 აგვისტოდან შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს.
„ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებ-გვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-დან 15 სექტემბრამდე ბავშვების მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, – განაცხადა ტიკარაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო განცხადებების შევსების ფორმასა და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე მუშაობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დოკუმენტების ჩამონათვალი მაქსიმალურად უბრალო უნდა იყოს, რათა სახსრების გადარიცხვა ოპერატიულად მოხდეს.
ბავშვები საქართველოში ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ>>
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ დარეგისტრირდება და განაცხადს არ შეიტანს, ეს ნიშნავს, რომ ის კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.
ტიკარაძე ასევე შეეხო შეჭირვებული ოჯახების სტუდენტების დახმარების საკითხსაც.
საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ერთი სემესტრის სწავლის საფასურს აუნაზღაურებს. ხოლო ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სოციალური ქულა 150 ათასზე ნაკლები აქვთ და პანდემიის პერიოდში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.
ასეთი სტუდენტების ბაზას მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით შექმნის.
„განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნიათ ერთობლივი ბაზები. ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში მოიპოვება ბაზები სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქის შესახებ, ხოლო განათლების სამინისტროში მოიპოვება ბაზები ყველა იმ სტუდენტის შესახებ, რომელიც დღესდღეობით არის რეგისტრირებული და ვისაც აქვს შეჩერებული სტატუსი“, – განმარტა ტიკარაძემ.
სტატუსის დადგენის შემდეგ სტუდენტებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განცხადება, რის შემდეგაც სახელმწიფო მათ სასწავლო დაწესებულებაში სწავლის საფასურს აუნაზღაურებს.