თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე 11 დაკავებულის მიმართ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობა, იუწყება „პირველი არხი“.
შაქარაშვილის დაღუპვის საქმე ორ ეპიზოდად არის გაყოფილი: უშუალოდ დაღუპვის ფაქტი და სამი მასობრივი ჩხუბი მის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე. ჩხუბის გამო სულ 17 ადამიანი დააკავეს.
სასამართლომ ორშაბათს 11 სრულწლოვანის საქმე განიხილა, რომლებიც ჩხუბის დროს ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. დაცვა მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა, თუმცა მოსამართლე მაია ოშხარელმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. დანარჩენი ექვსი არასრულწლოვანი დაკავებულის საქმე ცალკე განიხილება.
ტელეარხის ინფორმაციით, სასამართლოზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ირაკლი წაქაძემ თავისი ბრალი ნაწილობრივ აღიარა. დანარჩენები ბრალს არ აღიარებენ.
სრულწლოვანების წინასწარი მოსმენა სასამართლოზე 31 აგვისტოს გაიმართება.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა: „ბავშვი ჩაახრჩვეს და გააყოლეს დინებას...“>>
რაც შეეხება არასრულწლოვნებს, პირველი მოსმენა 31 ივლისს არის დაგეგმილი. დაცვა პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებით შეცვლის შუამდგომლობით აპირებს გამოსვლას.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნება.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე პროკურატურა ფეხბურთელის დაღუპვის ფაქტს განიხილავს, როგორც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და არ გამორიცხავს, რომ დაკავებულებს ამ ნაწილით წარუდგინოს ბრალი.
„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, ეს არაა გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ისე სრულწლოვნების მიმართ. შესაბამისად, შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ამ პირებს, ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, დნმ-ის ტესტსა და მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნობა.