გიორგი შაქარაშვილის ბიძა: „ბავშვი ჩაახრჩვეს და გააყოლეს დინებას...“

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მირიან ნიკოლაძის თქმით, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა იმ ექვსმა პირმა, რომლებიც Toyota-ს მარკის მანქანიდან გადმოვიდნენ და გამოეკიდნენ გიორგის და მის ორ მეგობარს

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ცალსახად დასტურდება ოჯახის ვერსია, რომ ის ექვსი პირი არიან გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირები, აცხადებს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.

მისი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს გიორგის მეგობრების, ვახო ახვლედიანის ჩვენება და გური ამირხანაშვილის მიმართ ჩატარებული ბოლოდროინდელი საგამოძიებო მოქმედებები.

„ახვლედიანის ჩვენებამ, იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ის ექვსი პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირები, ეს ნამდვილად ასეა... ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ ჰქონდა ასეთ ვითარებას ადგილი – გამოკიდებული ხუთი ადამიანიდან სამი გამოყვა გამოქცეულ ბავშვებს, ამირხანაშვილს, გიორგი შაქარაშვილს და ახვლედიანს, გამოყვა ხიდის მიმართულებით, ხოლო ორი მათგანი ჩავიდნენ ამავე მანქანების ჩამოსახვევში, ანუ წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და ბავშვი მოაქციეს ალყაში... ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა – იმ ღამეში, ვიწრო ბილიკზე, რატომ მიიღო ბავშვმა გადაწყვეტილება, რომ ფერდობზე დაშვებულიყო და ჩაერბინა არაგვის მიმართულებით. აი, სწორედ ამიტომ, რომ მას წინიდან გასაქცევი აღარ ჰქონდა და წინ დახვდნენ, მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს პირები ჩაყვნენ შემდგომ მას. მდინარე არაგვის პირას განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა და ბოლოს უკვე მდინარეში დაახრჩვეს. ამ პირებმა ყველამ მიიღეს მონაწილეობა როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ასევე მის განზრახ მკვლელობაში“, - აცხადებს ნიკოლაძე.
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის დაღუპვის გახმაურებული საქმე: ბრალდებულების ნაწილი შეიძლება გაათავისუფლონ

მისი თქმით, გამოძიება ელოდება დამატებითი ექსპერტიზის პასუხებს. თუმცა რთული დასადგენია, იმ დროს გიორგი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, თუ შეეძლო რაიმე ქმედება განეხორციელებინა.

„დაზიანების მიყენებისთანავე ბავშვი ჩაახრჩვეს და გააყოლეს დინებას“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო. მის გაუჩინარებამდე ახალგაზრდების ორმა ჯგუფმა, რომელთა შორის ფეხბურთელიც იყო, იჩხუბა. შედეგად პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა, მათ შორის ექვსი – არასრულწლოვანი.

ამჟამად საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანთა კოდექსის ნორმების მოთხოვნების გამო, ჩხუბის საქმის ორ ნაწილად გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულებზე დაიწყება 31 ივლისს, ხოლო სრულწლოვანებზე – 31 აგვისტოს.

პროკურატურა ასევე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალი წარუდგინოს.

ქართულ მასმედიაში შეძლეს გამორკვევა, რომ საქმეშია ვიღაც მოწმის ჩვენება, რომელმაც ახალგაზრდების საუბარი მოისმინა, რომლის დროსაც ერთ–ერთმა აღიარა, რომ შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ამ დროისთვის ისინი დნმ–ის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0