თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. პარტია „ქართულ მარშს“ არაფერი საერთო არ აქვს 16 ივლისის აქციასთან, განუცხადა ჟურნალისტებს მოძრაობის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის შემდეგ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გამარჯვების მოლოდინში: ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა >>
ბრეგაძე გამოკითხეს ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმის ფარგლებში, რომელიც 30 მაისს აღის აღძრული.
„გამოძიების კითხვები ეხებოდა ნარიმანოვის ძეგლს, რა აქცია ტარდებოდა და რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მას. მე ავუხსენი სუსის გამომძიებელს, რომ ჩვენ, „ქართული მარშის“ წევრები, ვიყავით დედაქალაქში და აქციის შესახებ არაფერი ვიცოდით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მან განმარტა, რომ პარტიების - „ლელო საქართველოსთვის“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებმა გიგა ბოკერიამ და მამუკა ხაზარაძემ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს 16 ივლისს „ქართული მარში“ აპირებდა მარნეულში ჩასვლას და იქ ჩხუბის მოწყობას.
„კარგია, რომ სიტუაცია დროულად დაწყნარდა. მე ვფიქრობ, რომ ისინი დაიბარებენ გიგა ბოკერიას და მამუკა ხაზარაძეს, რადგან მე მათი სეპარატისტული საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
ბოლშევიკ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი მარნეულში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დგას, მარნეულის მერიამ ახლახან მისი რესტავრაცია განახორციელა. ამ ძეგლის წინააღმდეგ გამოვიდა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი, რომელმაც მაისში ქადაგებისას განაცხადა, რომ ნარიმანოვი იყო საქართველოს მტერი და მერიის ქმედებებს „სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა“ და „ჩენი წინაპრების სულის შეფურთხება“ უწოდა.
ამის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის „ქართული მარში“, რადიკალური განცხადებებით გამოვიდნენ.
სუს-ის იძიებს საქმეს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკური შუღლის გაჩაღებაზე. კონკრეტულად რა ფაქტებზეა საუბარი, უწყებას არ განუმარტავს.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის „რასობრივი დისკრიმინაციის“ მუხლით მიმდინარეობს. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების არსებობიდან გამომდინარე.