თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 30-ვე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში თავისი კანდიდატები წარმოადგინა.
პრეზენტაცია პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა და გამოსვლა ექიმების, ეპიდემიოლოგებისა და ქართველი ხალხის მიმართ მადლიერების სიტყვებით დაიწყო.
ივანიშვილმა სიხარული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ასე სწრაფად დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
„მადლობა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა გამოავლინა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენ წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ „მწვანე ზონად“ მოიხსენიება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, არავინ არის იმ „ილუზიების ტყვეობაში“, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და პრობლემები აღარ არსებობს. მისი თქმით, საჭიროა კიდევ ბევრის გაკეთება იმისათვის, რომ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს.
ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო ახალი, როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების წინაშე დგას. კრიზისმა ყველას დაანახა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები საიმედო ხელშია და ხელისუფლება მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა.
მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია დარწმუნებულია არჩევნებზე გამარჯვებაში.
„დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ. ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, რადგან ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ სწრაფად, ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა. ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევებითურთ – არის დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ეს არის პოლიტიკური პარტიების, პრესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების პასუხისმგებლობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მზადაა, რომ ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.
„ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს – აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის უფრო ღირსეული პირობები უზრუნველვყოთ, დავაბინაოთ დევნილები და გავაგრძელოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. საქართველო და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყნის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდობის როლის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქართული ოცნება” არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ვიცით, რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის წარმატებული, განვითარებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა კახა კალაძემ საარჩევნო კანდიდატების წარდგენაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემიამ აჩვენა, თუ რა შესაძლებლობები იხსნება, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთად დგას. კალაძის თქმით, სწორედ ეს ერთობაა ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არჩევნები პარტიის არსებობის განმავლობაში მესამეა.
პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია 20 ივლისს 30 ერთმანდატიან ოლქში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენით გახსნა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 150 სადეპუტატო ადგილიდან 120 გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მიიღებენ ან ბლოკებს შორის, რომლებიც სულ მცირე ხმების იმდენ პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიცაა გაერთიანებული ამ ბლოკში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.