კორონავირუსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – ერთ-ერთ აბიტურიენტს ინფექცია დაუდასტურდა

© Sputnik / Natia Kvartskhavaგამოცდების ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ ცხრა აბიტურიენტზე მიმდინარეობს დაკვირვება და ტარდება შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

რატომ მოიხსნა ხუთი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან>>

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აბიტურიენტის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ოჯახის წევრია.

„გუშინ რეგიონში ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი. დავიწყეთ კონტაქტების მოძიება და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს, ერთ-ერთ ახალგაზრდას, გოგონას, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იყო გასული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გამოკვლეულია აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფი 27 ადამიანი და მათი ტესტების პასუხი უარყოფითია.

ამასთან, ცხრა აბიტურიენტი, რომელიც ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იყო საგამოცდო ოთახში, ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და მათ ყოველი გამოცდის წინ PCR–ტესტი ჩაუტარდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა: ყველაფერი, რაც აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

რა ბედი ელით მაღალი სიცხის გამო გამოცდიდან მოხსნილ აბიტურიენტებს>>

საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0