ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა: ყველაფერი, რაც აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები დაზუსტდა, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული გამოცდები 2020 – სად ჩატარდება, როგორ და როდის, რა შეცვალა კორონავირუსმა>>

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული წესები გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალურ დაცვასა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვას უზრუნველყოფს. რეკომენდაციები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით დაზუსტდა.

ახალი წესების მიხედვით:

  • გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.
  • ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;
  • მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

„მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამოცანის ამოხსნა - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

ასევე ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართული იქნება კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია გარკვეული წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული და დაცული იყოს:

  • ფიზიკური დისტანცია;
  • ხელების ჰიგიენა;
  • რესპირატორული ეტიკეტი;
  • ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე
  • აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;
  • დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რეცირკულაცია.

უწყების ცნობით, ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

„გვასუნთქეთ“ - ქუთაისში აბიტურიენტებმა აქცია გამართეს>>

კერძოდ, საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C-ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი:

  • სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
  • საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
  • სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
  • კონდიციონერის მუშაობისას.

იმ შემთხვევაში კი, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С-ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდაზე პირბადის გარეშე ყოფნა ნებადართულია>>

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

ყველა ახალი ამბავი
0