11:50 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (337)
308 0 0

ახალგაზრდები აპირებენ ერთობლივი განცხადებით განათლების სამინისტროს მიმართონ, რათა გამოცდების დაწყებამდე ჯანდაცვის რეკომენდაცია შეიცვალოს.

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. აბიტურიენტები, სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები და მასწავლებლები დღეს ქუთაისში შეიკრიბნენ აქციაზე ლოზუნგით „გვასუნთქეთ“.

ახალგაზრდები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შენობაში დამცავი პირბადეებით ყოფნას აპროტესტებენ. მოზარდები ითხოვენ, პირბადეების გაკეთება იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.

ისინი აპირებენ ერთობლივი განცხადებით განათლების სამინისტროს მიმართონ, რათა გამოცდების დაწყებამდე ჯანდაცვის რეკომენდაცია შეიცვალოს.

დღესვე გაიმართა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა შენობაში, სადაც გამოცდები ჩატარდება, მოწესრიგებულია კონდიცირების სისტემა და ყველაფერს საგულდაგულო დეზინფექცია უტარდება. თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, პირბადეებით მოუწევთ თუ არა ჯდომა აბიტურიენტებს.

როგორ ჩატარდება გამოცდები?

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება. წელს მისაღებ გამოცდებში მონაწილეობას მიიღებს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, წელს აბიტურიენტებსა და დამკვირვებლებს დაუშვებენ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

ერთ სექტორში დაიშვება არაუმეტეს ათი აბიტურიენტისა. ყველა სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება დამცავი ბარიერით. რიგებს შორის მანძილი იქნება 2 მეტრი, რიგში მაგიდებს შორის კი - თითო მეტრი.

საგამოცდო ცენტრში შესვლამდე ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგს გაივლის.

აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან დადგენილი რეკომენდაციები. კერძოდ, ისინი ვალდებული არიან, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, შესაბამისი მითითების შემთხვევაში, დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც მაგიდაზე იდგება. ასევე, მათ თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეებს გააგრილებენ მხოლოდ გამოცდის დაწყებამდე. როდესაც აბიტურიენტები დარბაზში შევლენ, კონდიციონერები გამოირთვება. სესიებს შორის ადგილებს დეზინფექცია ჩაუტარდება.

თემები:
განათლება საქართველოში (337)

მთავარი თემები