თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ჩინეთში შავი ჭირის ბუბონური ფორმის დაფიქსირების შემდეგ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა სპეციალური რეკომენდაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუბონური შავი ჭირი ერთ-ერთ მესაქონლეს დაუდასტურდა ქალაქ ბაიან-ნურში.
ცენტრის ერთ-ერთი უპირველესი რეკომენდაციით, იკრძალება გარეული ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენება და მათთან მიახლოებაც კი.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბუბონური შავი ჭირი გამოუვლინდა მონღოლეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც რუსეთთან საზღვრის ახლო რეგიონში ცხოვრობენ.
შავი ჭირი — ჭირის პანდემია, რომელსაც ძირითადად ჰქონდა ბუბონური ფორმა. XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა.
გაზარდეთ COVID-19-ის მეორე ტალღამდე: დასახელდა აუცილებელი ვიტამინი>>
„შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი. უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია გამეორდა 1361 წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ რამდენჯერმე.
შავი ჭირის აღმძვრელია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც ადამიანის ორგანიზმში რწყილის ნაკბენიდან აღწევს და ლიმფური კვანძისკენ მოძრაობს, სადაც უკვე გამრავლებას იწყებს. თანამედროვე მედიცინა წარმატებით კურნავს შავ ჭირს ანტიბიოტიკებითა და სპეციალური თერაპიით.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა მოსახლეობის შავ ჭირზე აცრის რეკომენდაციას გარდა მაღალი რისკის ჯგუფებისა, მაგალითად, ლაბორატორიების თანამშრომლებისა და ექიმებისა, რომლებიც გამუდმებით არიან დაავადების რისკის ქვეშ.