საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები იხსნება? – უწყების განმარტება

© Sputnik / Seyran Baroyanსაცურაო აუზი
საცურაო აუზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიანი გეგმის მიხედვით, სპორტთან და დასვენებასთან დაკავშირებული ობიექტების მუშაობის განახლება მხოლოდ მეექვსე ეტაპზე იგეგმება.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაიხსნება, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ რიგი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვები შეეხო გამაჯანსაღებელ ცენტრებსაც – მარტის ბოლოსთვის მუშაობა შეაჩერა ყველა საცურაო აუზმა, ფიტნეს–დარბაზმა, აიკრძალა მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა.  

საცურაო აუზში - Sputnik საქართველო
შეიქმნა ნიღბები საცურაო აუზებისთვის: პატარა კომპანია შეკვეთებს ვეღარ აუდის

ფერაძის განცხადებით, საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით  გარკვეული რისკის შემცველია. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა რეკომენდაციებზე, რომლებიც მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებული იქნება დარგის სპეციფიკაზე.

„ამ ეტაპზე ნებადართული არ არის აუზებისა და ფიტნეს–დარბაზების ფუნქციონირება, რადგან, სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს გარკვეული საფრთხე. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში არსებობს. მაგალითად, ვინაიდან სავარჯიშო დარბაზებში ნიღბის გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა საჭიროებს განსაკუთრებულ გამართულ მუშაობას. ბევრი მსგავსი ნიუანსია გასათვალისწინებელი... თუ სიტუაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ალბათ, ფიტნეს–დარბაზები და აუზები მუშაობას განაახლებენ. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მიღებული“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

აღნიშნულ სფეროში დასაქმებულმა პირებმა მუშაობის განახლების მოთხოვნით თბილისსა და სხვა ქალაქებში არაერთი აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან გადაწყვეტილების დროულად მიღებას მოითხოვენ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. შესაბამისად, დაიწყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პარალელურად ქვეყანაში რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. სპორტთან და დასვენებასთან დაკავშირებული ობიექტების მუშაობის განახლება მხოლოდ მეექვსე ეტაპზე იგეგმება.

დახურულ სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება აუცილებელი გახდა – აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირები არიან. გარდა ამისა, აუცილებელი მოთხოვნაა სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ყველა ახალი ამბავი
0