მათემატიკა – ყურადღების კონცენტრაციისთვის და ხელოვნება – ბედნიერების შეგრძნებისთვის

© courtesy of Marika Ordjonikidzeმარიკა ორჯონიკიძე
მარიკა ორჯონიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რა პატარა ხარ, დედამიწავ, გულში მეტევი / გარეთ ვერ გავალ და ჩემს გულში დავეხეტები“ – ეს სტრიქონები პანდემიის დროს დაწერილი ლექსიდანაა.

მისი ავტორი მარიკა ორჯონიკიძე 1993 წლიდან მეხუთე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. სკოლის გარდა მის ცხოვრებაში არანაკლები ადგილი უკავია პოეზიას და მხატვრობას. ერთნაირად კარგად წერს და ხატავს, გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ის მზე, რომელიც სახლობდა ჩემში“.  

შარშან მისი ნახატები გამოიფინა ფესტივალის „#მეხელოვნება“ ფარგლებში გამართულ გრანდიოზულ გამოფენაზე „100 გონება“, რომელიც სახელოვნებო გაერთიანება Seu Art Ptoject და კომპანია Georgian Art project-ის ორგანიზებით ჩატარდა.

© photo: courtesy of Marika Ordjonikidzeმარიკა ორჯონიკიძე
მათემატიკა – ყურადღების კონცენტრაციისთვის და ხელოვნება – ბედნიერების შეგრძნებისთვის - Sputnik საქართველო
მარიკა ორჯონიკიძე

- ქალბატონო მარიკა, მათემატიკოსი, მხატვარი და პოეტი - რომელი „გაჩნდა“ უფრო ადრე?

- პროფესიით ეკონომისტ-მათემატიკოსი ვარ. პედაგოგობაზე ბავშვობაში არასდროს მიოცნებია, უბრალოდ მათემატიკა ვიცოდი და მიყვარდა. ეს ჩემი პედაგოგის ლევან კიკნაძის დამსახურებაა და ალბათ გენეტიკისაც, რადგან ჩემი ბაბუა მათემატიკოსი იყო.

© photo: courtesy of Marika Ordjonikidzeმარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება
მათემატიკა – ყურადღების კონცენტრაციისთვის და ხელოვნება – ბედნიერების შეგრძნებისთვის - Sputnik საქართველო
მარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება

- თქვენს ნახატებში ბავშვური თემები და პირველყოფილი სისუფთავეა, რა გახსენდებათ ბავშვობიდან?

- ცხოვრება რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემში ისევ ცოცხლობს ის პატარა გოგონა ორი დიდი ნაწნავით, მუდამ ნატვრისთვალს რომ ეძებდა. ვთვლი, რომ ბედნიერება წვრილმანებშია და ბავშვობიდანაც ის პატარა სიხარულები უკლებლივ მახსოვს. მაგალითად, მახსოვს დედა როგორ მეფერებოდა: „ჩემო ქვეყნიერების თვალო“, „ჩემო ყინწვისის ანგელოზო“, „ჩემო აბრეშუმო“. მახსოვს დიდი თოვლის მოსვლით გამოწვეული სიხარული, მერე მისი დნობა და იებით და ენძელებით მოფენილი გზისპირები. მახსოვს იმდროინდელი ხმები და სურნელიც...

© photo: courtesy of Marika Ordjonikidzeმარიკა ორჯონიკიძე
მათემატიკა – ყურადღების კონცენტრაციისთვის და ხელოვნება – ბედნიერების შეგრძნებისთვის - Sputnik საქართველო
მარიკა ორჯონიკიძე

- და ეს შეგრძნებები შემდეგ თქვენს ნახატებში გადმოვიდა...

- დიახ, ჩემს ნახატებში და ლექსებშიც ის არის, რაც ჩემს გულში, სულსა და ოცნებებშია. როგორც ყველა ბავშვს, ხატვა ბავშვობაშიც მიყვარდა, მაგრამ 23 წლის ასაკში რაღაც არანორმალურმა სურვილმა მაიძულა, რომ ისევ მეხატა. სულ ვხატავდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის შვილი მყავდა და სახატავად დიდად არ მეცალა. ამ სურვილს მალე ხელი შეუშალა ომიანობამ და უძრაობის წლებმა. მალე ხატვა ლექსებმა შეცვალა. 2015-2016 წლებში შევძელი ხატვა კვლავ გამეგრძელებინა.  

© photo: courtesy of Marika Ordjonikidzeმარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება
მათემატიკა – ყურადღების კონცენტრაციისთვის და ხელოვნება – ბედნიერების შეგრძნებისთვის - Sputnik საქართველო
მარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება

- თქვენ მათემატიკას ასწავლით, რა შეუძლია მათემატიკას?

- ამ საგნის ძირფესვიანად სწავლას მონდომებასთან ერთად ნიჭიც სჭირდება. მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და თუ მოსწავლეს ამის ნიჭი აქვს, სხვა მეცნიერებების სწავლა გაუადვილდება. შესაძლებელია ყველამ ერთ დონეზე კარგად ვერ ისწავლოს, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა, ფიქრი, ყურადღების კონცენტრაცია, რომელიც ბავშვს უნდა განუვითარდეს, მათემატიკაში ყველაზე კარგად შეიძლება.

© photo: courtesy of Marika Ordjonikidzeმოსწავლეებთან ერთად
მათემატიკა – ყურადღების კონცენტრაციისთვის და ხელოვნება – ბედნიერების შეგრძნებისთვის - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- რა არის მასწავლებლის პროფესიის ყველაზე დიდი ხიბლი?

- ის ხიბლი, რაც პედაგოგის პროფესიას აქვს, ბავშვების უსაზღვრო სიყვარულია. მასწავლებელი მოსწავლეს, პირველ რიგში, საკუთარი თავის პოვნაში, მისი შესაძლებლობების გამოვლენაში უნდა დაეხმაროს, რომ მიხვდეს, რა უნდა მას ცხოვრებაში. შეიძლება რაიმე კარგად გამოსდიოდეს, მაგრამ უნდა გააჩნდეს იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აირჩევს.

© photo: courtesy of Marika Ordjonikidzeმარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება
მათემატიკა – ყურადღების კონცენტრაციისთვის და ხელოვნება – ბედნიერების შეგრძნებისთვის - Sputnik საქართველო
მარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება

- პანდემია საკუთარ თავში გამოკეტვის დრო იყო, თუ წერდით და ხატავდით ამ დროს?

- უცნაური დღეები გავიარეთ, ხელოვნებას ბევრი ადამიანი შეეფარა. პანდემიის დროს მეც საკმაოდ ბევრი ნახატი დავხატე და ლექსებიც დავწერე.

ჩუღუმში, ჟიჟმატში, მარტო ვართ... უბრები,

საქმეა? ჩემ თავსაც ვერ ვესაუბრები...

სარკმლიდან რომ მოჩანს მზე ნამარხულები...

გზაზე არც ხალხია, არც ნაფეხურები...

არც ქარი, არც თოვლი, არც ნიაღვარია,

მაგრამ ეს სამყარო ასე ვინ არია?

დარდისგან გაივსო, ეს გული მღვიმეა,

რომელსაც უმზეოდ ვერ გაუღიმია...

განსაცდელს დავარქვათ თვალების ახელა,

შენც იცი, სიყვარულს რა ჰქვია სახელად...

გვაკმარე, იესო, ცხადი არ გვზარავდეს,

დედაშენს გაფიცებ... კვლავ დაგვიფარავდეს.

© photo: courtesy of Marika Ordjonikidzeმარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება
მათემატიკა – ყურადღების კონცენტრაციისთვის და ხელოვნება – ბედნიერების შეგრძნებისთვის - Sputnik საქართველო
მარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება

- ლექსების წერის იმპულსი რა გახდა?

- ჩემი ცხოვრება ია-ვარდით არ იყო მოფენილი. ძალიან ბევრი პრობლემა შემხვდა, ბევრი ტკივილი, რამაც უფრო გამაძლიერა. მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე – ვაჟა ლებანიძე, რომელიც 37 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ყველაფერზე ფიქრი მარტოს მიწევდა. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის მყავდა და მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც სიცოცხლეს მილამაზებენ. მეუღლის გარდაცვალების მერე დამრჩა ორი შვილი, ექვსი და რვა წლის, ამას დაერთო უძრაობის პერიოდი. არ იყო სულიერი საზრდო და მე ლექსების წერა დავიწყე. ხატვის საშუალება აღარ იყო, რადგან ეს ძვირი სიამოვნებაა. ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა ყველაფერი მქონდა და პერიოდი, როცა აღარაფერი, იმედის გარდა (იმედი არასდროს დამიკარგავს). ამ ყველაფერმა ბევრი რამ მასწავლა...

 

ყველა ახალი ამბავი
0