თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
თბილისელები ანტისხეულებზე გამოიკვლიეს – ცნობილია შედეგები >>
ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. 346 პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა.
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსული ინფექციის 17 524 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9715 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 213 - გარდაიცვალა.
COVID-19-ით ინფიცირებული 7596 პაციენტის მკურნალობა კლინიკებში გრძელდება.
მითითებულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 482 170 ტესტირება ჩატარდა, მათ შორის, 6645 - გასულ დღე-ღამეში.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 21 ივნისის 00:00 საათიდან 5 ივლისის 06:00 საათამდე ბაქოში, სუმგაითში, ლენქორანში, ევლახში, ჯალილაბადში, განჯაში, მასალისა და აფშერონის რაიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ამ ქალაქებსა და რაიონებში შეჩერებულია თითქმის ყველა სფეროს მუშაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა. იმ პირთა, ასევე ტრანსპორტის გადაადგილება, რომელთა საქმიანობაც არ შეწყვეტილა, ნებადართულია მხოლოდ საშვებით.