თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თბილისში კორონავირუსის ანტისხეულებზე 1 068 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან ანტისხეულები 10-ს აღმოაჩნდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ჯანმრთელ ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოუჩინეს>>
სპეციალისტმა დააზუსტა, რომ გამოკვლეულთაგან ცხრას აღმოაჩნდა ანტისხეულები – იმუნოგლობულინი G, ხოლო ერთს – იმუნოგლობულინი М. იმუნოგლობულინი М ნიშნავს, რომ პაციენტს ინფექცია აქტიურ ფაზაში აქვს ან ცოტა ხნის წინ გადაიტანა, ხოლო იმუნოგლობულინი G მიუთითებს, რომ ადამიანმა ინფექცია წარსულში გადაიტანა და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საშიში არ არის.
„G ანტისხეულები დამცავი ანტისხეულებია... სანამ მას აქვს ეს G ანტისხეულები, დიდი ალბათობით, არ დაემართება მეორედ კოვიდი, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვეში მათ ეს გაუქრეთ. ანუ, ჩვენ არ ვიცით, ეს იმუნიტეტი რამდენი ხნით რჩება. ეს ჯერ მსოფლიოში არავინ იცის", – განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.
როგორც ინფექციონისტმა განმარტა, ცხრა თბილისელის ტესტების შედეგები აჩვენებს, რომ მათ ჰქონდათ ვირუსთან შეხება და, შესაძლოა, ის გადაიტანეს კიდეც უსიმპტომოდ. ცერცვაძე ასევე არ გამორიცხავს ტესტ-სისტემის შეცდომას, რომ მათ ჰქონდათ სხვა კორონავირუსი და არა უშუალოდ COVID-19. როგორც ცნობილია, კორონავირუსი – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია.
„ამის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია", – განაცხადა ცერცვაძემ.
პაციენტს, რომელსაც სისხლში М ანტისხეულები ჰქონდა, ჩაუტარეს PCR–ტესტი, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„თბილისში ყოველ მეასე მოზრდილ მოქალაქეს ჰქონდა ეს ანტისხეული. თანაც, ჩვენ არ ვიცით, ამ ყოველი მეასედან ყველას ნამდვილად „კოვიდი" ჰქონდა გადატანილი, თუ სხვა კორონავირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს მხოლოდ მსუბუქი გაციებით დაავადებას", – აღნიშნა ცერცვაძემ.
კვლევა თბილისში 18-27 მაისს ე.წ. თოვლის გუნდის პრინციპით ჩატარდა. შეარჩიეს პირები თბილისის ყველა რაიონიდან. სპეციალისტებმა მიმართეს ერთ მოქალაქეს, შემდეგ მას უნდა მიეყვანა თავისი სამი ნაცნობი, იმ სამს კიდევ თავიანთი სამ-სამი ნაცნობი და ა.შ.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 928, აქედან 85%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი (1,6%).