ივან დანილოვი
სწორედ ამ მედიასაშუალებით განხორციელდა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი შეტევა იმ მიზნით, რომ დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის მიეღწია. საბაბი ამჯერად მაქსიმალურად ეგზოტიკური შეირჩა. ამერიკულ დაზვერვაში არსებულ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა ამტკიცებს, რომ: „რუსეთმა ფარულად დაუნიშნა ჯილდოები ავღანელ ბოევიკებს ამერიკელი სამხედროების განადგურებისთვის. ტრამპის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში ფიქრობდა იმაზე, რა მოეხერხებინათ დაზვერვის შოკისმომგვრელი დასკვნებისთვის“.
ამერიკელი ობივატელის თვალსაზრისით, თუ ის The New York Times-ს დაუჯერებს, ვითარება საშინელია და უკიდურესად დამამცირებლად გამოიყურება: მსოფლიოს ამგვარ სურათში რუსეთი ავღანეთში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების სკალპებისა და ცხედრების ერთგვარი კოლექციონერის როლში გამოდის, ხოლო ავღანელი ბოევიკები — მოკლული ამერიკელების „სისხლიან რუბლებზე“ გადამცვლელებად, თანაც ეს ყველაფერი თითქოს ტრამპის ადმინისტრაციის სრული უმოქმედობის ფონზე ხდება.
საშინელებაა იმის წარმოდგენა, რა ემოციებს განიცდიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც თავს მსოფლიო ჰეგემონად მიიჩნევს, როდესაც ამერიკის ყველაზე ავტორიტეტულ გაზეთში შემდეგ პასაჟებს კითხულობენ:
„ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ დაზვერვის სამსახურების ცნობები პრეზიდენტ ტრამპს მოახსენეს და ეროვნული უშიშროების საბჭომ იმსჯელა ამ პრობლემაზე მარტის ბოლოს გამართულ თათბირზე. ჩინოვნიკებმა შეიმუშავეს შესაძლო ვარიანტების სია — დაწყებული დიპლომატიური საჩივრის წარდგენით მოსკოვში და დასრულებული სანქციების მზარდი სერიითა და სხვა შესაძლო პასუხებით. მაგრამ, ჩინოვნიკების თქმით, თეთრ სახლს ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი არ მოუწონებია. ამერიკელი და ნატოს სხვა ჯარისკაცების მკვლელობების სტიმულირების ოპერაცია მნიშვნელოვანი და პროვოკაციული ესკალაცია იქნებოდა იმისა, რასაც ამერიკელი და ავღანელი ოფიციალური პირები რუსეთის მხრიდან „თალიბანის“ მხარდაჭერას უწოდებენ, და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა ცნობილი გახდებოდა, რომ რუსეთის შპიონური ქვედანაყოფები დასავლეთის ჯარებზე შეტევებს უკეთებენ ორგანიზებას“.
რუსეთის მიმართ ამ მედიურ „საბრალდებო აქტზე“, რომელიც The New York Times-მა შეადგინა ანონიმ ამერიკელ ძალოვნებზე დაყრდნობით, რამდენიმე შენიშვნა უნდა გაკეთდეს.
პირველი: აშკარა მედიური, ლოგისტიკური, დიპლომატიური და საინფორმაციო მხარდაჭერის შემდეგ, რომელსაც აშშ (ამერიკული მედიის ჩათვლით) უწევდა 1990-2000-იან წლებში რუსეთის ათასობით მოქალაქის მკვლელ ტერორისტებს, აშშ-ს ჩივილის არანაირი მორალური უფლება არ ექნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სამხედროების მიმართ „მოსასხამისა და ხანჯლის“ მეთოდი იქნებოდა გამოყენებული.
მით უმეტეს, რომ რუსეთისთვის წაყენებულ ბრალდებათა დადასტურების რაოდენობა უკვე ტრადიციულად ნულის ტოლია.
მეორე: ამერიკული ისტებლიშმენტი, განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, რომლის მიმართაც ნიუ-იორკელი ჟურნალისტები აშკარა სიმპათიას განიცდიან მათი „იმპერიულობისა“ და რუსოფობიულობის გამო, ასი პროცენტით თავადაა დღევანდელი ავღანეთის, როგორც გადაუჭრელი ტერორისტული პრობლემის შემქმნელი. ის ფაქტი, რომ ავღანური ტერორისტული (და არა მარტო ავღანური) მოძრაობები ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს ამერიკული ფულითა და ამერიკული იარაღით, მშვენივრადაა დადგენილი. შეგახსენებთ, რომ 2001 წლის ცნობილ მოვლენებამდე ბატონი ბენ ლადენი წლების განმავლობაში იყო ამერიკული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების საყვარელი პერსონაჟი. გამოდის, რომ აშშ ჯერ ქმნის პირობებს სამოქალაქო ომების, მასობრივი მკვლელობებისა და ტერორის ასაყვავებლად სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო როდესაც ამ ქმედებების გაუთვალისწინებელ შედეგებს ამერიკელი სამხედროების სიკვდილი და თავად შეერთებული შტატების სირცხვილი მოჰყვება საერთაშორისო არენაზე, ამერიკული მედია-სამხედრო კომპლექსის წიაღიდან მაშინვე იწყება ბღავილი, რომ ეს რუსეთია ყველაფერში დამნაშავე და მის წინააღმდეგ სასწრაფოდ სანქციების დაწესებაა საჭირო.
მაგრამ არის კარგი ამბებიც.
თუ ადრე საზოგადოების ნდობა NYT-სა თუ The Washington Post-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიმართ, რომლებშიც ამერიკული ძალოვანი სტრუქტურები იყო „ჩარეცხილი“, იმდენად მაღალი იყო, რომ თავად პუბლიკაციის ფაქტიც კი პრაქტიკულად დაუყოვნებლად აიძულებდა ტრამპის ადმინისტრაციას, „გადაეხადა და მოენანიებინა“, ასევე სასწრაფოდ შემოეღო მორიგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა რამენაირად მაინც გაემართლებინა თავი საზოგადოების თვალში, ახლა ვითარება აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურება.
როგორც ჩანს, „რაშაგეიტისა“ და აბსოლუტურად ფეიკური ბრალდებებისა თუ დოსიეების წლებმა თავისი საქმე გააკეთა: ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტს უკვე აღარ სჯერა საკუთარი მედიასაშუალებებისა და საკუთარი ძალოვანი სტრუქტურებისა, ხოლო პოლიტიკოსებს შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, უბრალოდ პირდაპირ კი არ დაადანაშაულონ მედია და მათი წყაროები სიცრუეში, არამედ იმოქმედონ კიდეც ამ შეფასებების შესაბამისად.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრალდებებს „ტვიტერში“ უპასუხა: „The New York Times-მა ფეიკური ინფორმაციის „ანონიმური“ წყარო უნდა გაამხილოს. ნაძლევს ჩამოვდივარ, რომ ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ — ამგვარი ადამიანი, დიდი ალბათობით, არც არსებობს!“
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რიჩარდ გრენელმა კამათიც კი წამოიწყო სოციალურ ქსელში დემოკრატ კონგრესმენთან ამ თემაზე და დაზვერვის მონაცემების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა:
„არასდროს მსმენია ამის შესახებ. და ამაზრზენია, რომ დაზვერვის პოლიტიზირებას განაგრძობთ. აშკარად არ გესმით, როგორ მოწმდება დაუმუშავებელი სადაზვერვო ინფორმაცია. ანონიმური წყაროებიდან ჟურნალისტებში კერძო ინფორმაციის გაჟონვა სახიფათოა, ვინაიდან თქვენნაირი ადამიანები მათით მანიპულირებენ პოლიტიკური სარგებლის მისაღებად“.
The New York Times-ის პუბლიკაციის იმ ნაწილის უარყოფა, რომელიც პრეზიდენტის ქმედებას ეხებოდა, უკვე გამოქვეყნდა, მათ შორის ამერიკული დაზვერვის მიერაც. გასაგებია, რომ თეორიულად ყველაფერი სწორედ ასე უნდა მუშაობდეს, მაგრამ ასეთი მოჩვენებითი ნორმალურობაც კი უკვე ნამდვილი სასწაულია თანამედროვე ამერიკის საზომებით.
სხვათა შორის, თუ ამერიკელ ჟურნალისტებს ამერიკელი ძალოვნების მკვლელობის წამქეზებლების დანახვა სურთ, სარკეში უნდა ჩაიხედონ. ჯილდოები ცხედრებისთვის ყოველთვის მატერიალური არ არის: პრაქტიკა აჩვენებს, რომ მომკილი დიდება და საზოგადოებრივი აღტაცება ხშირად ბევრად ეფექტური სტიმულატორია ტერორიზმისთვის, ვიდრე ძალიან დიდი ფულიც კი. The New York Times-ი და სხვა ამერიკული მედიასაშუალებები, რომლებიც ამერიკელი პოლიციელებისა და ასევე ტრამპისტებისა და კონსერვატიული ფასეულობების დემონიზებას ახდენენ, ფაქტობრივად „ემოციურ ჯილდოს“ ჰპირდებიან მათ, ვინც ემოციურ, ფსიქოლოგიურ და, შესაძლოა, ფიზიკურ ძალადობასაც მიმართავს მათ წინააღმდეგ. ამასწინანდელი მასობრივი არეულობების დროს მოკლული ამერიკელ პოლიციელთა სისხლი, რის აპოლოგეტებად და წამქეზებლად ლამის მთელი ამერიკული მედია გამოდიოდა, აშკარად ლიბერალი და პროგრესული ამერიკელი ჟურნალისტების ხელებზეა.
მაგრამ ამერიკელი პოლიციელების სიცოცხლეს ასეთი ჟურნალისტებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, აი, ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრებზე კი საჯაროდ ცრემლის ღვრა მხოლოდ მაშინ სურთ, როდესაც ამ ცრემლებით ანტირუსული სანქციების ან დემოკრატიული პარტიის ინტერესების „გაქაჩვაა“ საჭირო.
გასაკვირი არ არის, რომ ამ მედიასტრუქტურებს სიტყვაზე სულ უფრო ცოტა უჯერებს აშშ-შიც და მსოფლიოშიც. ამერიკული გავლენისა და დიდების წინააღმდეგ მთავარი შეთქმულება სწორედ The New York Times-ის რედაქციის მიერაა მოწყობილი. შეიძლებოდა მათთვის პრემიის გამოწერაც კი გვევარაუდა, მაგრამ ისინი ყველა სამუშაოს უფასოდაც გააკეთებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს