თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ყოფილმა პასტორმა და ამჟამად მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტმა შონ კინგმა იესო ქრისტეს იმ ქანდაკებების აღება მოითხოვა, რომლებზეც ის თეთრკანიან ევროპელადაა გამოსახული.
ამერიკელმა აქტივისტმა მსგავსი მოსაზრება საკუთარ Twitter-ზე გამოთქვა.
„დიახ, მიმაჩნია, რომ იესოს ის ქანდაკებები, სადაც ის თეთრკანიან ევროპელადაა წარმოდგენილი, უნდა ავიღოთ. ეს თეთრი რასის აღმატებულების ფორმაა. ბიბლიაში, როცა იესო ქრისტეს ოჯახი დამალვას და მოსახლეობასთან შერევას ცდილობს, გამოიცანით, სად მიდიან ისინი? ეგვიპტეში! არა დანიაში. ასაღებია“, — დაწერა ექს-პასტორმა.
Yes, I think the statues of the white European they claim is Jesus should also come down.
— Shaun King (@shaunking) June 22, 2020
They are a form of white supremacy.
Always have been.
In the Bible, when the family of Jesus wanted to hide, and blend in, guess where they went?
EGYPT!
Not Denmark.
Tear them down.
კინგის აზრით, გარდა თეთრკანიანი იესოს ყველა ქანდაკების აღებისა, ასევე საჭიროა განადგურდეს მასთან დაკავშირებული ყველა სიმბოლიკა, კერძოდ — ფრესკები, ნახატები და ვიტრაჟები, ვინაიდან ეს „თეთრი შოვინიზმის“ გამოვლინებაა.
შონ კინგის ტვიტს ათობით ათასი აღშფოთებული ადამიანი გამოეხმაურა. კომენტატორები წერენ, რომ სხვადასხვა ხალხები ისე გამოსახავენ იესოს, როგორადაც საკუთარ თავს ხედავენ, ანუ თავიანთ მსგავსად. შესაბამისად, ევროპელები მას ევროპელად გამოსახავენ და თეთრი ქრისტეს ქანდაკებების განადგურება ასევე არის რასიზმი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალურ ხელისუფლებას მისცა უფლება, დააკავოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს დააზიანოს ან გაანადგუროს ძეგლები. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ძეგლების მიმართ ვანდალიზმი შეიძლება განიხილებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულად, რომელიც ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.