თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს, თავად ჟურნალისტი ადვოკატებისგან იღებს რჩევებს.
გაბუნიამ და „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარასკევს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიებას ჩვენება მისცეს შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე, რომლის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. შეკვეთილი მკვლელობის მიზანს გამოძიება არ ასახელებს, მაგრამ, გვარამიას ვერსიით, საუბარია გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციაზე.
„შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც ჯერ არ დავთანხმებულვარ, რადგან მინდა მოვილაპარაკო ადვოკატთან, გადავწყვიტოთ, რადგან მე პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები“, – განუცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ.
გაბუნიამ დაკითხვის სხვა დეტალებზეც ისაუბრა.
„აქცენტი იყო – საიდან მაქვს ის მწირი ინფორმაცია, რომელიც მაქვს. ინფორმაციის ორი წყარო მყავდა, ერთი არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას... იყო აქცენტი იმაზეც, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცველებისთვის, სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც გვარამიამ მითხრა, მაგრამ არა, მე ვუთხარი მათ, რომ არ მქონია ასეთი მცდელობა, რადგან, პირველ რიგში, ვენდობი გვარამიას, რომელიც მაწვდის ასეთ ინფორმაციას და პლუს, როდესაც მეუბნება, რომ წყარო იყო სუს-ი, აზრს კარგავს ისევ სუს-თან წასვლა და ამაზე საუბარი. მეორე წყარო იმ ინფორმაციის, რაც მაქვს, არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მითვალთვალებენ“, – განაცხადა გაბუნიამ.
თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს: კადიროვის კომენტარი ბრალდებაზე>>
დაკითხვის დეტალებე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ბრძანება მისი ლიკვიდაციის შესახებ გასცა ვიღაცამ რუსეთიდან.
როგორც გაბუნიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომელიც ესწრებოდა დაკითხვას, კითხვების ხასიათი მოწმობს, რომ შეკვეთილი მკვლელობის მიზანი ნამდვილად გაბუნია იყო.
„მათი კითხვები ეხებოდა გაბუნიას უსაფრთხოებას. ასევე სუს-მა სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას. გიორგი გაბუნიამ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ამიტომ რამე კანონდარღვევას ან ინფორმაციის შეუტყობინებლობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს ამ დროისთვის ბრალად ედება დოკუმენტების გაყალბება. მას სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა მიუსაჯა.
რატომ არ გამოცხადდა გიორგი გაბუნია უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე>>
გაბუნიამ 2019 წლის 7 ივლისს თავის საავტორო გადაცემაში, როდესაც ის „რუსთავი2“-ში მუშაობდა, რუსულად მიმართა რუსეთის პრეზიდენტს და უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა მას. ეს მოხდა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოსთან საავიაციო კავშირის აკრძალვამდე ერთი დღით ადრე.
გვარამიას განცხადებით, სწორედ პუტინის ეს შეურაცხყოფა გახდა გაბუნიას ლიკვიდაციის შეკვეთის მიზეზი. მან ასევე აღნიშნა, რომ თადასხმა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაკვეთით მზადდებოდა. თავად კადიროვმა ბრალდება უარყო.