თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ინიციატივით დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
„აღმოსავლეთ პარტნიორების" წევრი ქვეყნების სამიტი დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები და ლიდერები.
„პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისაუბრებს საქართველოს პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე", – იუწყება პრეს-სამსახური.
სამიტამდე ევროკავშირმა გამოაქვეყნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მოქალაქეების 49% ევროკავშირისადმი დადებითადაა განწყობილი, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს 40%-ს, 7%-ს კი ნეგატიური. კიდევ 4%-ს არაფერი სმენია ევროკავშირზე.
საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია 2008 წელს, პროგრამა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შექმნის შემდეგ დაიწყო. ის ევროკავშირის დაახლოებას ითვალისწინებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.