ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნები: რას ურჩევს ევროსაბჭო საქართველოს

© photo: Sputnik / Dominic Buten / გადასვლა მედიაბანკშიევროსაბჭოს სესია
ევროსაბჭოს სესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, შეცდომებზე მიუთითა და რეკომენდაციები შესთავაზა

თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებას ურჩევს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ქვეყნის მონიტორინგის შედეგად რეზოლუცია მიიღო. საქართველოს რეზოლუციის ერთი თავი ეძღვნება, რომელშიც ქვეყანაში არსებული ვითარებაა აღწერილი.

რა გველოდება 2020 წელს - არჩევნები, ვიზიტები და ევროპული პერსპექტივა>>

საქართველოს ხელისუფლების მიმართ შენიშვნებს შორისაა: კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე დანაპირების შეუსრულებლობა, ინციდენტები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კოდექსის დარღვევების არასათანადო გამოძიება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების, მათ შორის, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის, ნაკლოვანებათა აღმოფხვრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ჩვენ არ გვაქვს პრობლემა – დავსხდეთ და ყველა მწვავე შეფასება ობიექტურად განვიხილოთ

ამ შენიშვნების საფუძველზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.

„საპარლამენტო ასამბლეა მმართველ პარტიას მოუწოდებს, უზრუნველყოს 2020 წლის არჩევნებამდე ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესში, დროულად ჩაატაროს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლარიზების გადასალახად“, - აღნიშნულია ასამბლეის რეზოლუციაში.

თბილისის რეაქცია

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მზად არიან იმუშაონ იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობით ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს.

„მმართველი პარტია ოპოზიციის წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებს და შესაძლოა, მიღწეულ იქნეს კონსესუსი“, - განაცხადა დეპუტატმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

რეიტინგების და წერილების ომი ქართულ პოლიტიკაში>>

თავის მხრივ, მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკების შედეგი დამოკიდებულია ოპოზიციაზე.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: გამოსვლის ძირითადი თეზისები

 „პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ოპონენტებს პროპორციული სიის გაზრდა მაჟორიტარი დეპუტატების შემცირების ხარჯზე შევთავაზეთ. ეს შეთავაზება სწორი და პრაგმატულია. თუ იმას მივიღებთ, რომ ოპოზიცია მუდმივდ რადიკალური მოთხოვნებით იქნება შემოფარგლული, ცხადია, მისაღებ შედეგზე გასვლა გაგვიჭირდება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ოპოზიცია კი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ კომპრომისებზე „ქართული ოცნება“ წავა.

„რეზოლუცია ხაზს უსვამს სწორედ იმას, რომ მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო სისტემის არსებობა, რომელზეც პოლიტიკური ძალები შეთანხმდებიან. არსი ის არის, რომ ისეთი სისტემა უნდა იყოს, რომელიც ისეთ შედეგს გამოიღებს, როგორსაც ხალხი ითხოვს. „ქართული ოცნება“ ითხოვს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი საარჩევნო სისტემით გავიდეს, სადაც მხარდაჭერის მესამედი ექნება და ამით უმრავლესობის შექმნას მოახერხებს. ამაზე პარტნიორები ეუბნებიან, რომ ეს მიუღებელია“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

კალაძე: პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს>>

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის აზრით, რეზოლუცია ოპოზიციის პრეტენზიებს ასახავს.

„რეზოლუციაში ასახულია ყველა პრეტენზია, რომელიც ოპოზიციასა და ქართულ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მიმართ აქვს. საუბარია კონსტიტუციაში ცვლილებების ჩაგდებაზე, შეუსრულებელ დაპირებებზე და სასამართლო რეფორმაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის მხრიდან შეშფოთება მატულობს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
ხელისუფლება ოპოზიციას ელოდება: როდის გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

ექსპერტთა მოსაზრება

პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, რომ რეზოლუცია ოპოზიციური პარტიების პოზიციას ასახავს.

„არა მგონია, მმართველმა პარტიამ ყველა მოთხოვნა შეასრულოს, რადგან ის საკმაოდ არაადეკვატურად მოქმედებს. მათ მოახერხეს „ნაცმოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ დამარცხება დასავლეთთან დიალოგში, პირად პოლიტიკურ ურთიერთობაში ევროპარლამენტის დეპუტატებთან. მათ დაკარგეს დასავლელი პარტნიორების ნდობა და თავად დაამტკიცეს, რომ ყველაფერს წყვეტს ივანიშვილი და არა ისინი“, - აღნიშნა მამრაძემ.

მისი კოლეგის, პოლიტოლოგ ვასილ კაპანაძის თქმით, რეზოლუციაში არ არის მითითებული, როგორი სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები.

„მთავარია, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემაზე შეთანხმება, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ და მიიღონ დასკვნითი დოკუმენტი, უნდა გამონახონ რაიმე კომპრომისი. მაგრამ მთავარია, იქ არ არის მითითებული, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, გადაწყვიტოს, როგორი სისტემით ჩაატარებს არჩევნებს“, - განუცხადა კაპანაძემ „Sputnik-საქართველოს“.

ყველა ახალი ამბავი
0