ხელისუფლება ოპოზიციას ელოდება: როდის გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცხრა თვეზე ნაკლები რჩება, ხელისუფლება და ოპოზიცია კი არჩევნების მოდელთან დაკავშირებით ჯერ ვერ შეთანხმებულან.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის თარიღი 30-ზე მეტ ოპოზიციურ პარტიასა და მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შორის ჯერჯერობით უცნობია – ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის პასუხს ელოდებიან.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
პირველად საქართველოს ისტორიაში: „ლელო“ ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენას აპირებს

ნოემბერში საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის შემდეგ, რომელიც შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას გულისხმობდა, ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. შემდეგ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით – შერეული სისტემით ჩატარების წინადადებით გამოვიდა, ოღონდ მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში. ამ მოდელის თანახმად, რჩება მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული წესით უნდა დაითვალოს, ანუ პრინციპით „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინააღმდეგობა სწორედ ამ პრინციპშია. დღეს არსებული სისტემა გულისხმობს მოდელს „ერთი ამომრჩეველი – ორი ხმა“.

მმართველმა პარტიამ დეკემბერში პირველად განაცხადა, რომ მზადაა დათმობაზე წავიდეს – განიხილოს 150-დან 73 დეპუტატის არჩევნის მიზანშეწონილობა არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ხოლო დეკემბრის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ დათმობის სახით ოპოზიციას შესთავაზა მაჟორიტარების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირება. შესაბამისად გათვალისწინებული იყო პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდა 77-დან 100-მდე. ამ წინადადებას „ოცნებამ“ პირობაც მოაყოლა – რომ ყველა მომდევნო არჩევნები ამ სისტემით უნდა გაიმართოს.

„კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, მათ შორის, გუნდში მიღწეული კონსენსუსით. ახლა ბურთი მათ მოედანზეა... თუ არ ისაუბრებენ, მაშინ არჩევნები კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ჩატარდება, შერეული სისტემით", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

რას ამბობს ოპოზიცია?

პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უკვე მიიღო უარი საკუთარ წინადადებაზე.

ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება: პროტესტის განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია>>

„ქართულმა ოცნებამ" პასუხი მიიღო იმავე შეხვედრაზე. მეტიც, მისი წინადადება არა მარტო ჩვენი მხრიდან, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ქილიკის საგანი გახდა… „100/50“ ნიშნავს, რომ ერთ პარტიას შეუძლია 30-დან 35 პროცენტამდე მხარდაჭერით, ანუ 10 კაციდან სამი კაცის მხარდაჭერით მოიპოვოს მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობა. არის ეს სამართლიანი?!" – განაცხადა უგულავამ.

ოპოზიციის წარმომადგენელს არ უთქვამს, რა ალტერნატივას შესთავაზებს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას".

რას ამბობენ დიპლომატები

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს, დარწმუნებულია, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
ახალი კომპრომისი: არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება" დათმობაზე მიდის

„ჯერ მორიგი შეხვედრის შესახებ ცნობილი არ არის. ჩვენ, როგორც შუამავლები, ვაგრძელებთ დისკუსიას სხვადასხვა მხარესთან თემებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეგვიძლია წინსვლა გვქონდეს. მცდელობა გრძელდება", – განაცხადა ჰარცელმა.

ამასთან, სანამ დიალოგის გამართვის თარიღი გაირკვევა, ოპოზიცია უკვე 4 თებერვლიდან საპროტესტო აქციების განახლებისთვის ემზადება. პარალელურად, პარლამენტის ოპოზიციური პარტიები საგაზაფხულო სესიის ბოიკოტირებას აპირებენ, თუმცა სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შესწორებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რასაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, არ გამოტოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0