თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში ახალი ელჩი - მარკ კლეიტონი დანიშნა. მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია საელჩოს Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
დიდი ბრიტანეთის ელჩი: კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს რეაგირება ბრწყინვალეა >>
მარკ კლეიტონი ჯასტინ მაკენზი სმიტს აგვისტოში შეცვლის.
ცნობილია, რომ კლეიტონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა, მათ შორის, მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
რაც შეეხება მოქმედ ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს, იგი საქართველოში 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს. საქართველოს მოსახლეობას მან თავი დაამახსოვრა ქართული კულტურისა და ენისადმი დიდი ინტერესით. შარშან მაკენზიმ თავის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა ცნობილი ტექსტი, რომელშიც გამოიყენა სიტყვა „შემომეხარჯა“.
დიპლომატმა ქართული ზმნის შინაარსი ასე განმარტა - „შემთხვევით დავხარჯე ყველაფერი, თუმცა არ მინდოდა, ასე მომხდარიყო და ახლა ველოდები, რომ თქვენ გაგებით მოეკიდებით ამ ფაქტს“.
ჯასტინ მაკენზი სმიტი ქართულ ენას 2015 წლიდან სწავლობს. დიპლომატი საკმაოდ კარგად საუბრობს ქართულად და ხშირად აკეთებს საჯარო განცხადებებს ამ ენაზე.