დიდი ბრიტანეთის ელჩი: კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს რეაგირება ბრწყინვალეა

© photo : Justin McKenzie Smith / FBდიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი
დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებები შეიძლება მრავალი ქვეყნისთვის მაგალითი გახდეს.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრწყინვალე რეაგირება მოახდინა – მთავრობის მოქმედება და ადამიანებზე ზრუნვა ძალზე შთამბეჭდავი იყო, განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა. 

მედიკოსი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის მეორე ტალღა მსუბუქად ჩაივლის – ინფექციონისტის პროგნოზი

„საქართველოს მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა ძალიან შთამბეჭდავი იყო. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის როლი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ დარგის წამყვანი პირების სახით რეალური ლიდერები ვიხილეთ, რაც, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო. ასევე მიმაჩნია, რომ ამან საერთაშორისო დონეზე მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემის წარმატება გარკვეულწილად საზოგადოების რეაქციაზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ, რომ ამ ვირუსისგან ქვეყნის დაცვის საქმეში მთელი ქართული საზოგადოების მხრიდან საოცარი დამოკიდებულების მომსწრენი გავხდით. ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ყოველივე ამის შედეგია“, – დასძინა ჯასტინ მაკენზი სმიტმა. 

ელჩის თქმით, ნათელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია – არა მარტო ჯანდაცვის სისტემის კრიზისია, არამედ მან მოიცვა ეკონომიკური და სოციალური სფეროებიც.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან ერთად ჩვენ შევძელით ინვესტორთა საბჭოს უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა. ინვესტორთა საბჭო უნიკალური ფორუმია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით აერთიანებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ქართულ და საერთაშორისო ბიზნეს-ასოციაციებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა მაკენზიმ და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლო პოსტკრიზისული პერიოდის მართვის ექვსეტაპიანი გეგმის შემუშავება და რეალიზება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 383, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0