თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა დაწერა twitter-ში, რომ ეძებს მაისურს მისი ქართული ენის „მინი-გაკვეთილის“ ტექსტით.
„ვინ იცის, სად შეიძლება ვიშოვო ასეთი?“ - დასვა კითხვა ელჩმა და მაისურის ფოტო ატვირთა, რომელსაც ამშვენებს ქართველებისთვის ერთი სრულიად ჩვეულებრივი და უცხოელებისთვის ყოველგვარ აზრს მოკლებული სიტყვა „შემომეხარჯა“ და იქვე მისი განმარტება: „შემთხვევით ყველაფერი დავხარჯე, მაგრამ ეს არ მინდოდა და ახლა ველოდები, რომ ამ ფაქტს გაგებით მოეკიდებით".
Anyone know where I can find one of these?! #learninggeorgian #შემომეხარჯა pic.twitter.com/aR0pFm775R
— Justin McKenzieSmith (@JustinMcKenzieS) May 30, 2019
ელჩის პოსტი twitter-ში დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გააზიარა.
რომელმა დიზაინერმა შექმნა ეს მაისური, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ ის შთააგონა ჯასტინ მაკენზი სმიტის თებერვლის პოსტმა. მაშინ ელჩმა, რომელიც აქტიურად სწავლობს ქართულ ენას, გამოაქვეყნა ფოტო ქართული წარწერით და ზედ წააწერა „ქართული ზმნები მართლაც ყველაფრის მთქმელია".
ეს ტვიტი ქართველ მომხმარებლებში ძალიან პოპულარული გახდა. კომენტარებში გამომწერებმა მაკენზის სხვა რთული ზმნები შესთავაზეს - „შემომეჭამა“, „შემომებრექსიტა“ და სხვ.
აღსანიშნავია, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ელჩმა ჩვენს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიულოცა.