თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოში დაახლოებით 143 ათასი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომანქანების საერთო რაოდენობის 10,4%-ს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევაში.
ავტოდაზღვევის ბაზრის (CASCO) მონიტორინგი 2015-2019 წლებს მოიცავს.
საქართველოში უცხოურნომრიანი ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდა>>
კვლევის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 1,106 მილიონი ერთეულით გაიზარდა და 1,376 მილიონი შეადგინა (ზრდა - 24,4%).
ავტოდაზღვევის ბაზარი 2015-2019 წლებში
წლები | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | 2019 |
ავტომობილების რაოდენობა (ათასი) | 1 105,8 | 1 193,9 | 1 257,5 | 1 321,6 | 1 375,8 |
გაცემული პოლისების რაოდენობა (ათასი) | 79,1 | 69,2 | 96,3 | 116,5 | 142,8 |
დაზღვეული ავტომობილების წილი, % | 7,2 | 5,8 | 7,7 | 8,8 | 10,4 |
2015-დან 2019 წლამდე პერიოდში ბაზრის მოცულობა 108%-ით გაიზარდა და 96,7 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, საცალო ბაზრის სეგმენტი 130%-ით გაიზარდა, კორპორატიული ბაზრისა კი 83%-ით.
ავტოდაზღვევის ბაზარზე 2015 წელს მუშაობდა 13 ეკონომიკური სააგენტო, 2019 წელს - 16. ამ პერიოდში ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი 2441-დან 1679-მდე შემცირდა, რაც ზომიერად კონცენტრირებული საბაზრო მაჩვენებელია, აღნიშნულია კვლევაში.
მონიტორინგის მონაცემების თანახმად, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების წილი აღნიშნულ პერიოდში არ გამოირჩევა სტაბილურობით - შეინიშნება მსხვილი კომპანიების ბაზრის წილის შემცირება და პირველი „სამეულის“ შემადგენლობის ცვლილება, ასევე იმ კომპანიების საერთო წილის ზრდა პრემიების ბაზრის მოცულობაში, რომლებიც „სამეულში“ არ შედიან.
ბაზრის ლიდერი კომპანიები წილის მიხედვით
კომპანია | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | 2019 |
„ალდაგი“ | 40,7% | 43,4% | 39,7% | 26,5% | 21,7% |
„ჯი პი აი ჰოლდინგი“ | 22,3% | 22,9% | 18,7% | 17,4% | 19,8% |
„კოპენბური“ | 12,1% | 10,6% | – | – | – |
„თიბისი-დაზღვევა“ | – | – | 22,7% | 29% | 27,1% |
ავტოდაზღვევის ბაზარზე მოღვაწე კომპანიების პირველ სამეულში 2015 წელს შედიოდნენ „ალდაგი“ - 40,7%, „ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 22,3%, „კოპენბური“ - 12,1%. 2017 წლიდან ლიდერი კომპანიების სამეული შეიცვალა. 2019 წელს სამეულში მოხვდნენ: „თიბისი დაზღვევა“ - 27,1%; „ალდაგი“ - 21,7%; „ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 19,8%.
„ბაზარზე შეინიშნება შესვლის მაღალი ბარიერები, თუმცა ეს ბარიერები თანაბრად ვრცელდება ყველა არსებულ და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტზე, რაც დისკრიმინაციის არარსებობის, თანასწორობისა და პროპორციულობის მაჩვენებელია“, - ნათქვამია კვლევაში.
მონიტორინგის ფარგლებში, გამოკვლეული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2015-2019 წლებში ავტოდაზღვევის ბაზარი შეესაბამებოდა კონკურენტულ გარემოს.
საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს აღემატება, ამასთან, ყოველ მესამე მოქალაქეს ავტომობილი ჰყავს. ქვეყანაში ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.
საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები საქართველოში საკმაოდ ხშირია. სულ 2019 წელს ქვეყანაში მოხდა 5,8 ათასი ავარია მძიმე შედეგებით, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. დაიღუპა 481 ადამიანი, მათ შორის, 18 ბავშვი, დაშავდა 7,9 ათასი ადამიანი, მათ შორის, 318 ბავშვი.