არჩევნების მოლოდინში – ოპოზიცია მაჟორიტარებზე მსჯელობას აგრძელებს

© Sputnik / Shota Nozadzeოპოზიცია პარლამენტთან
ოპოზიცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც უფრო ახლოვდება საკონსტიტუციო ცვლილების მიღების თარიღი, მით უფრო მეტ აქტუალობას იძენს ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების თემა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ტელესივრცეში სულ უფრო ხშირად ჩანან ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნებას – საერთო შედეგის მისაღებად მზად ვართ დავთმოთ პირადი ინტერესებიო. ყოველი მათგანი ოპოზიციური სპექტრის ერთობაზე საუბრობს.

მაჟორიტარული არჩევნების მნიშვნელობა

მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის ყოველთვის ყველაზე დიდი საჯილდაო ქვაა.

ასეთ არჩევნებში იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ამჟამად სულ 73 მაჟორიტარული ოლქია.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

მაჟორიტარული არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება ბოლო წლების განმავლობაში მთავარი პრეტენზია იყო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" სახელმწიფო რესურსების გამოყენებასა და ელექტორატზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, რამაც მას პრაქტიკულად დააკარგვინა გამარჯვების შანსი.

ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით მხარეებმა მოახერხეს ერთმანდატიანი ოლქების 73-დან 30-მდე შემცირებაზე შეთანხმება.

ჯერჯერობით ეს ვარიანტი განხილვის სტადიაზეა და საამისოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ივნისის ბოლოს გაიმართება. თუმცა, ოპოზიცია უკვე აქტიურად არჩევს 30 კანდიდატს.

პარტიების ლიდერები მზად არიან, უარი თქვან ოლქებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება.

„ხალხი იტყვის: თუ ოპოზიციაში ერთმანეთთან მოლაპარაკება არ შეგიძლიათ, როცა ხელისუფლებაში მოხვალთ, მით უმეტეს, ვერ შეძლებთ. ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რამდენად დიდი გამოწვევაა ეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი პარტია მოვიზიდოთ და ყველას გვყავდეს წარმომადგენლები", – განაცხადა უგულავამ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
როგორ გაიყოფს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს?

მისი თქმით, ახლა საუბარია თბილისის რვიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქზე (ორ ოლქში კანდიდატის დაყენებაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე გააკეთა განცხადება) და 30 პარტია, რასაკვირველია, ვერ შეძლებს მათ გადანაწილებას თანაბრად.

„კანდიდატების უმრავლესობა უნდა გადანაწილდეს საღი აზრისა და ადეკვატურობის ფარგლებში. „ევროპულ საქართველოს" არა აქვს პარტიული ინტერესები იმასთან დაკავშირებით, რამდენი მაჟორიტარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს თბილისში. მე სიტუაციას ვუყურებ პერსონალურ ჭრილში: თუ ადამიანს აქვს პოტენციალი და ის შეძლებს ამ ტვირთის ზიდვას და გაიმარჯვებს პირველივე ტურში – ასეთი კანდიდატი კარგი არჩევანია", – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მაჟორიტარებს შორის საკუთარ კანდიდატურას საერთოდ ვერ ხედავს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი სიტყვებით, რთული იქნება პარტიის თავმჯდომარეობა, რეგიონებში სიარული და ამავდროულად რომელიმე ერთ ოლქში მაჟორიტარობა.

„მე ვიტოვებ გარკვეულ პროცენტულ შანსს იმისას, რომ შეიძლება წამოვაყენო საკუთარი კანდიდატურა, რადგან არ მიყვარს ჯერ ლაპარაკი და შემდეგ ჩემივე სიტყვების გადაკეთება, მით უფრო საჯაროდ, მაგრამ ვიხრები იმისკენ, რომ კენჭს არ ვიყრი", – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძეს ეთანხმება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც.

„თბილისში ჩემი კანდიდატურის წამოყენებაზე უარს ვამბობ. ჩვენი საზოგადოება ჩვენგან თბილისთან, რასაკვირველია, და კიდევ რამდენიმე მსხვილ ქალაქთან დაკავშირებით ერთობას ითხოვს. თუ ვერ შევთანხმდებით ისეთ ოლქებზე, როგორებიცაა საგარეჯო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
მაჟორიტარები არ გვეყოლება: „გირჩის“ გეგმები საპარლამენტო არჩევნებზე

გასული კვირის ბოლოს „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტია მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარ კანდიდატებს საერთოდ არ წამოაყენებს.

„გირჩიდან" ჩემს კანდიდატურას მოიაზრებდნენ როგორც ვაკის ოლქის შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატს. მე ამ შესაძლებლობაზე უარს ვამბობ, რაც ნიშნავს, რომ ამ არჩევნებში „გირჩი" მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას", – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან მან დასძინა, რომ „გირჩის" მხარდამჭერები არჩევნებზე ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

მოსაზრება გარედან

ექსპერტ პეტრე მამრაძის აზრით, იმის ალბათობა, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდება, არც ისე დიდია. ამასთან, პოლიტოლოგი აფასებს ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატების შანსებს არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც.

ცესკო - Sputnik საქართველო
ოთხი პარტია საარჩევნო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო

„რთული წარმოსადგენია, რომ ოპოზიცია შეთანხმებას მიაღწევს. რეალურად მათ არ გააჩნიათ რესურსი და, პირველ რიგში, შესაფერისი კადრები. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც საკუთარ კანდიდატურას მოხსნის ან დათმობს, მაშინ იწყება, როდესაც რეალური კანდიდატები არც არიან", – განაცხადა მამრაძემ.

ამასთან მამრაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, როგორებიც არიან გიგი უგულავა და გიგა ბოკერია, მიეჩვივნენ ეკრანულ დემაგოგიას და დამაჯერებლად გამოიყურებიან სატელევიზიო ინტერვიუების დროს, მაგრამ როდესაც ამომრჩეველი ხმის მისაცემად მიდის, ის არც ერთ მათგანს არ აძლევს ხმას.

„ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის არ არის ქარიზმატული ფიგურა, რომელიც შეძლებს მასებს გაუძღვეს. არიან უბრალოდ პოლიტიკური გაერთიანებები, ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც აფინანსებენ. მაგრამ არ არსებობს ყველა ის კომპონენტი, რაც პარტიის წარმატებული საქმიანობისთვის არის საჭირო", – განაცხადა ექსპერტმა.

ხელისუფლება, თავის მხრივ, დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობას დებს. ამისათვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილების მიღება – 112 დეპუტატის მხარდაჭერა და საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა.

მმართველ პარტიას, ისევე, როგორც ოპოზიციას, ჯერ არ შეუდგენია არც მაჟორიტარი კანდიდატების და არც პარტიული სიები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ დღეებში განაცხადა, რომ საერთოდ არ უფიქრია პარტიულ სიაზე, რადგან ქვეყანაში ბევრი უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია, როგორიცაა, თუნდაც, კორონავირუსის ეპიდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური კრიზისი.

ყველა ახალი ამბავი
0