ოთხი პარტია საარჩევნო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო

გამოწერა
სექტემბერში ცესკო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიების რეგისტრაციის მეორე ეტაპს დაიწყებს.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ოთხმა არასაპარლამენტო პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. წინასაარჩევნო კამპანია სტარტს არჩევნებამდე 60 დღით ადრე აიღებს.

ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარეს პარტიებმა: „საქართველო", „სამართლიანობის აღდგენის კავშირი: ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე", „სოციალური სამართლიანობისთვის" და „საქართველოს ერთიანობის და განვითარების პარტია". აღნიშნულ პარტიებს საარჩევნო კომისიაში უკვე საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
არჩევნები და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე: რა რეგულაციებს დააწესებს ხელისუფლება

ეს ეტაპი 15 ივლისს დასრულდება. უკვე სექტემბერში ცესკო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიების რეგისტრაციის მეორე ეტაპს დაიწყებს.

პარტიების რეგისტრაცია არჩევნებამდე 57 დღით ადრე დაიწყება. მაშინ პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა წარადგინონ მომხრეთა ხელმოწერები, გაიარონ რეგისტრაცია და მიიღონ ნომერი, რომლითაც საარჩევნო ბიულეტენში იქნებიან წარმოდგენილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – დეპუტატობის კანდიდატების ნაწილს ირჩევენ პარტიული სიებით, ნაწილს – ერთმანდატიან ოლქებში.

ამჟამად საქართველოში საკონსტიტუციო შესწორებები განიხილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით – კერძოდ, რამდენი ერთმანდატიანი ოლქი იქნება საარჩევნოდ. არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებით ცვლილებები მზადდება საარჩევნო კოდექსშიც.

ყველა ახალი ამბავი
0