თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. ყველაზე არაორდინარული პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ერთმანდატიან ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
არჩევნები და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე: რა რეგულაციებს დააწესებს ხელისუფლება >>
პარტი „გირჩი“ გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილია, რომელიც ახლა აქტიურად განიხილავს 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სტრატეგიას. ძირითადი იდეაა ერთიანი კანდიდატების წარდგენა.
„გირჩიდან“ მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში. მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს, რომ „გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით“, - განაცხადა ჯაფარიძემ ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „გირჩის“ მომხრეები მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებზე მხარს ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭერენ.
„ვაკეში განიხილებოდა ელენე ხოშტარიას კანდიდატურა („ევროპული საქართველოს“ კანდიდატურა - რედ.) და თუ იქნება ელენე ხოშტარია წავალ მე დიდი სიამოვნებით შემოვხაზავ მას”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია. ის ახალგაზრდობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთე ადგილის დაკავება (2%-ით) შეძლო და წინასაარჩევნო კამპანიაზე ყველა კანდიდატთან შედარებით მინიმალური თანხა დახარჯა.
პარტია „გირჩი“ პოლიტიკურ ასპარეზზე 2015 წელს გამოჩნდა და ის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წარმომადგენელმა შექმნა.
პარტია ლიბერალური მიმდინარეობისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელით. მისმა ლიდერებმა შესანიშნავად იციან, როგორ აუარონ გვერდი კანონს. ამ პარტიის წყალობით საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა.