თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აქტიურად ემზადებიან საპროტესტო აქციისთვის, რომელიც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან არის დაგეგმილი. აქცია ახალი წესებით გაიმართება.
საპროტესტო აქციის თარიღად შეირჩა შარშანდელი საპროტესტო გამოსვლების წლისთავი. შარშან დემონსტრაცია საქართველოს პარლამენტის შტურმის მცდელობითა და დარბევით დასრულდა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას დაშავდა 240 ადამიანი.
საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს>>
კორონავირუსის ფონზე აქცია ახალ ელფერს იძენს და ახლა მმართველ პარტიაში იმაზეც დაობენ, ღირს თუ არა მის ჩატარებაზე ნებართვის გაცემა.
უსაფრთხოების ახალი ზომები
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ კიდევ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები და წესები, მათ შორის, სოციალური შეკრების შეზღუდვა და დისტანციის დაცვა.
აკრძალვა არ ვრცელდება საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებზე, ხოლო ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ უკვე აცნობა მერიას, რომ აპირებს აქციის გამართვას და საჭიროა ზომების მიღება.
„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, გადავწყვიტეთ მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. ამისათვის აუცილებლად გვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ორი-სამი საათით. ამ თემას ეხება ჩვენი განცხადება თბილისის მერიაში“, – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.
მისი თქმით, დღეს არ არსებობს რეგულაცია, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს აქციის ჩატარებას.
აქციის ორგანიზატორებისგან მიღებული წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეებს შორის დაცული იქნება დისტანცია.
„ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე თვეა, რაც პარლამენტის წინ ტერიტორია შემოღობილია... თუ ადრე რუსთაველის გამზირის გადასაკეტად საჭირო იყო 5 ათასი ადამიანი, ახლა საკმარისია 500. ჩვენ ვიდგებით დისტანციის დაცვით, ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, გვექნება ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები“, – აღნიშნა მაქარაშვილმა.
პროტესტის პოლიტიკური სარჩული
ორგანიზატორები არ მალავენ, რომ აქციაზე მიწვეული არიან პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდიან. ამგვარად აქცია მთლიანად ოპოზიციური იქნება. ამას არ შეეძლო არ გამოეწვია უკმაყოფილება მმართველ პარტიაში, რომელმაც უკვე დაიწყო პროგნოზების კეთება, რომ პროტესტი მცირერიცხოვანი იქნება.
„ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ გამოიყენეს დესტრუქციულმა და მარგინალურმა ძალებმა 2019 წელს მშვიდობიანი და გულწრფელი პროტესტი. ყველამ დავინახეთ, როგორ დაიგეგმა ეს და როგორი ზეწოლა ხდებოდა პოლიციაზე... მაგრამ არა მგონია და ვერ წარმომიდგენია, რომ დავინახავთ მასშტაბურ მსვლელობას მარგინალური და დესტრუქციული ჯგუფისგან. ისინი, ვინც იქნებიან, ეპიდსიტუაციაზე გავლენას ვერ მოახდენენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
კოლეგას ეთანხმება მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი კობახიძე.
„კანონი არ კრძალავს პოლიტიკური ხასიათის შეკრებას, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ 200 „ნაციონალის“ შეკრება პრობლემას არ წარმოადგენს არც პოლიტიკის თვალსაზრისით, არც პანდემიის თვალსაზრისით. შესაბამისად, შეიკრიბონ, რამდენიც უნდათ. იქ 200 ნაციონალი იდგება და მე ყველას დათვლას შევძლებ. ეს უფრო მარტივი იქნება, რადგან ისინი ალბათ სოციალურ დისტანციას დაიცავენ და მათი დათვლა ადვილი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ქართული პოლიტიკის წინასაარჩევნო პერიპეტიები: ძველი სკანდალი ახალი ძალით>>
ოპოზიციურ წრეებში კვლავ მიმდინარეობს კონსულტაციები თემაზე, როგორ უნდა ჩატარდეს საპროტესტო აქცია და ვინ რა როლს მოირგებს.
პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიციის მიტინგი სიმბოლური იქნება.
„ამ მიტინგს სიმბოლური სარჩული ექნება და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების საფუძველი გახდება. ისინი უკვე შეთანხმდნენ, ვის წარადგენენ კანდიდატებად თბილისში, რვა ოლქში, ასე რომ, ვინც გაიმარჯვებს თბილისში, სიმბოლურად გაიმარჯვებს არჩევნებში“, – აღნიშნა მაისაიამ და დასძინა, რომ მიტინგზე ბევრი ხალხის შეკრება მოსალოდნელი არ არის.
„არა მგონია, მრავალრიცხოვანი იყოს და დიდხანს გაგრძელდეს. რადგან არ ექნება გრძელვადიანი მიზნები და მიტინგი სიმბოლური იქნება. ისინი წარადგენენ თავიანთ პროგრამას, გეგმებს და ფაქტობრივად გახსნიან წინასაარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა მაისაიამ.
პოლიტოლოგის თქმით, აქციაზე ალბათ მივლენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და ეს არ იქნება სამოქალაქო პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ.
როგორ გაიყოფს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს?>>
ამასთან, კონსულტაციები ოპოზიციაში აქციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება, ისევე, როგორც კანდიდატებზე თბილისის ერთმანდატიან ოლქებში. უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებს თბილისის მხოლოდ ორ ოლქში წამოაყენებს, დანარჩენებს ჯერ კიდევ განიხილავენ.