თბილისი, 27 მაისი – Sputnik. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტებზე 3 400 შემაკავებელი ორდერი გაიცა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა „რუსთავი2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, შემაკავებელი ორდერი ძალზე მოქნილი და ეფექტური მექანიზმია სახელმწიფოს ხელში, რომელიც მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.
ცაციაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოჯახური და ყოფითი ძალადობის სტატისტიკის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ იზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა სახელმწიფოს დახმარების შესახებ ასეთ შემთხვევებში.
„როგორც შემაკავებელი ორდერების გამოცემის სტატისტიკა, ასევე ოჯახური დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. აქ პოზიტიური ელემენტებიც შეიძლება დავინახოთ იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად, წლიდან წლამდე გარკვეული სტერეოტიპები, რაც აქვს საზოგადოებას, იმსხვრევა, ცნობიერება იმატებს“, – განაცხადა ცაციაშვილმა.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ სხვა რეალობაში ჩააყენა არა მხოლოდ შსს, არამედ სხვა უწყებებიც. ცაციაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვიანობის შენარჩუნება.
„ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ ეს მომართვიანობა შენარჩუნებულიყო, კერძოდ, შეტყობინებები დავუგზავნეთ მოსახლეობას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, სადაც ძალიან დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმის შესახებ, რას ნიშნავს ძალადობა და როგორ უნდა მოგვმართონ. ამან ციფრებში გამოხატული შედეგი მოგვცა, მათ შორის „112“-ის ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით. აპრილის მეორე ნახევარში დაფიქსირდა 11 შემთხვევა ჩუმი განგაშის გამოყენების“, – განაცხადა ცაციაშვილმა.
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარებისა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ოჯახური ძალადობისა და ქალებზე ძალადობის პრევენციის კუთხით მკაცრი პოლიტიკის გატარებას.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს „ცხელი ხაზი“ 116006, სადაც შესაძლებელია უფასოდ ანონიმური ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება რვა ენაზე. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „ცხელი ხაზი“ – 112.
ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. მალე ამ ჩამონათვალს დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისი.